სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად ქონების ჩადება

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

კერძოდ, მიკროსაფინანსოებს და სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც. კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც“, – აღნიშნულია კობა გვენეტაძის 11 ოქტომბრის ბრძანებაში.

აღნიშნული რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვით გადავადდა.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ათენში ბინის ძარცვის დროს დააკავეს
შემდეგი სტატიასაავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს