6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

სესხის გაცემის წესები მკაცრდება – რას ნიშნავს ახალი შეზღუდვები მოქალაქეებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტი 50%-იდან 25%-მდე მცირდება. ცვლილება ორ ეტაპად ამოქმედდება: 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან მკაცრი ლიმიტის ზღვარი 2 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2027 წლის 1-ლი სექტემბრიდან — 2 500 ლარამდე.

რეგულაცია პირდაპირ ამცირებს ხელმისაწვდომი სესხის მაქსიმალურ მოცულობას:

სამომხმარებლო სესხი: 2 000 ლარის შემოსავლის მქონე პირი, რომელსაც ადრე 1 000 ლარის ყოველთვიური ვალდებულების აღება (მაქსიმუმ 35 900 ლარის სესხი) შეეძლო, ახალი წესით მაქსიმუმ 500 ლარის ვალდებულებას (დაახლოებით 18 000 ლარს) აიღებს.

იპოთეკური სესხი: ხელმისაწვდომი სესხის ჭერი 75 100 ლარიდან 37 500 ლარამდე მცირდება, რაც დაბალშემოსავლიანებისთვის ბინის შეძენას კიდევ უფრო არარეალურს ხდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა ირიბად აღიარა ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირება და ინფლაციის მაღალი დონე.

„თუ 5-6 წლის წინ 2 000-ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახს შეეძლო 1 000 ლარი სესხში გადაეხადა და დარჩენილი თანხით თავი გაეტანა, დღეს გაზრდილი ხარჯების გამო ეს შეუძლებელია. სებ-ი ხედავს რისკს, რომ გაზრდილი საყოფაცხოვრებო ხარჯების ფონზე მოსახლეობა სესხებს ვერ გადაიხდის, რაც ვადაგადაცილებული სესხების ზრდას გამოიწვევს“, — აღნიშნავს კეპულაძე.

მისივე თქმით, ცვლილება მოქალაქეებს სესხზე წვდომას არ შეუზღუდავს, თუმცა შემცირებული ლიმიტების გამო, შესაძლოა, ადამიანებს ნაკლები თანხის მისაღებად არასაბანკო სექტორისა (ლომბარდები) თუ კერძო პირებისთვის მიმართვა მოუწიოთ. კეპულაძე მიუთითებს, რომ არსებული ინფლაციის ფონზე, მთავრობასაც მოუწევს სხვა საგადასახადო ზღვრების (მაგალითად, ამანათების 300-ლარიანი ლიმიტისა და დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის) გადახედვა.

banner
წინა სტატიაშიThe Guardian: საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 190-ზე მეტი მოსწავლე დაშავდა – დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიავოლსკი – 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართალიანობა