“სესხების შეზღუდვა ჭარბვალიანობის ვადაგადაცილებულ პორტფელში გადაზრდის რისკს ქმნის”

 ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭუმბურიძე ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებაში გარკვეულ რისკებს ხედავს. ექსპერტი სოციალურ ქსელში მოსაზრებას აქვეყნებს და განმარტავს, რომ ჭარბვალიანობას დაჩქარებული წესით ვებრძვით და ადამიანს სესხის აღების საშუალებას ვუსპობთ.

“სესხებზე როდესაც არის საუბარი, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის მოსახლეობის მენტალიტეტი. პირადად მქონდა რამოდენიმე ქვეყანაში საკრედიტო მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება, რომელიც საერთოდ განსხვავებულია ქართულ ბაზართან.

მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად: 2 წელია, რაც დაიწყო რეგულაციები.

1) პირველი რეგულაცია იყო საპროცენტო განაკვეთის ჩარჩოში მოქცევა და დაწესდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. როგორ გადაიტანა აღნიშნული ბაზარმა? ბანკები მარტივად გადაეწყვნენ, რადგან დაწესებულ ეფექტურ პროცენტს ისედაც არ სცდებოდა. სამაგიეროდ დაარტყა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს, დაიწყო მოცემული ორგანიზაციების ეტაპობრივი დახურვა, ბაზარზე დარჩნენ მხოლოდ მსხვილი ორგანიზაციები.

2) გალარება – შემდეგი რეგულაცია, რომლის არსი იყო, რომ დაკრედიტება 100 000 ექვივალენტ ლარამდე მხოლოდ ლარში. მიზანი – ლარის გამყარება და მთავრობამ დაასუბსიდირა სესხების გალარება. ფაქტობრივად ქვეყანაში მოხდა რამდენიმე თვეში დიდი კონვერტაცია უცხოურ ვალუტიდან ლარში. რადგან ეს მოხდა იმის გამო რომ მოსახლეობას შეღავათი ჰქონოდა და კურსის მერყეობა არ ასახულიყო ყოველთვიურ გადასახადში.

ესეც გავიგეთ და ფინანსური ინსტიტუტებიც გადაეწყვნენ შესაბამის მოდელზე, მაგრამ მომხმარებელმა შეღავათი ვერ იგრძნო, რადგამ ლარში სესხის პროცენტი ძვირია, უცხოურ ვალუტაში იაფი. ანუ ეს ორი რეგულაცია გატარდა და ნუ შესაბამისად ბაზარმაც დაიწყო ახალი ცხოვრება და შეგუება.

რამდენად სწორი იყო თუ არა ეს ცალკე თემაა, მაგრამ საბოლოოდ ყველა მხარემ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია. თითქოს აქ ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გამოჩნდა ახალი ფრონტი – ბრძოლა ჭარბვალიანობასთან. დაიწყო შესაბამისი რეგულაციებზე მუშაობა, მაგრამ აქ ჩემი აზრით მოხდა შეცდომა, რადგან რეგულაციას ისე ვიღებთ, რომ ვერცერთი სექტორი ვერ ასწრებს გადაწყობას. თუ პირველი ორი რეგულაცია შესაძლებელი იყო, რომ მარტივად გადაგვეწყო აქ ვეჯახებით დიდ პრობლემას. ვებრძვით ჭარბვალიანობას იმით, რომ დაჩქარებული წესით ვკეტავთ ყველა საშუალებას რომ ადამიანმა სესხი აიღოს.

მარტივ მაგალითს მოვიყვან: პეტრეს აქვს 3 სესხი: სამომხმარებლო, განვადება და საკრედიტო ბარათი. ჩვენი პეტრე არის ძალიან კარგი კლიენტი, ყველა სესხს იხდის ზედმიწევნით კარგად. პეტრემ სამომხმარებლო სესხის 60% გადაიხადა და დაჭირდა კვლავ სესხის აღება, მაგრამ ჩვენ პეტრეს მისი ყოველთვიური შენატანიდან გამომდინარე ვეუბნებით, რომ შენ დიდი ხანი ვერ ისარგებლებ სესხით, რადგან ვერ ჯდები რეგულაციებში. რას შვება პეტრე? ბოროტდება! რატომ? იმიტომ რომ მან პატიოსნად ითანამშრომლა და ამაყია რომ აქვს კარგი ისტორია და ფიქრობს და მოითხოვს, რომ მას ეკუთვნის მინიმუმ იგივე რაც აქამდე ჰქონდა. მაგრამ უარია..

ბოროტი პეტრე იწყებს სესხის გადახდების ჩაგდებას. უფუჭდება ისტორია და მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ დაფარავს, რადგან ის შეურაცხყოფილია და ფიქრობს, მას ძალიან ცუდად მოექცნენ. ეს ქეისი არ არის რაიმე ზღაპარი. ეს არის პრაქტიკა, რომელიც წლებია, გვაქვს.

კი ბატონო, გეთანხმებით ჭარბვალიანობა უნდა შევამციროთ, მაგრამ შევამციროთ დროში გაწელილი პროგრამით და არა მოულოდნელად და უცაბედად. ეტაპობრივად შევამციროთ პორტფელი და მიეცეს ყველა ფინანსურ ინსტიტუტს სწორი, ეფექტური გადაწყობის საშუალება.

არის რისკი იმის რომ ჩვენ თუ უცებ გადავკეტავთ სესხების ონკანს, ჭარბვალიანობა გადაიზარდოს ვადაგადაცილებულ პორტფელში. და ყველაზე ცუდი იცით რა არის? ფინანსური სექტორი ფაქტიურად შექმნილი გარემოების მძევალია. მძევალია იპოთეკით დაზარალებული მსესხებლების. რიგ შემთხვევაში საკრედიტო ორგანიზაციების არასწორი საკრედიტო პოლიტიკის. სწორედ ამის გამო ძალიან ფრთხილად და მოზომილად ცდილობს მიიტანოს მისი გადარჩენის გეგმა, მაგრამ თუ ოდნავ ხმას აუწევს და თავისი “მე”-ს დაცვას გადაწყვიტას ზუსტად მანდ დაესხმება თავს ზემოთ მოცემული პრობლემები. დიალოგის გზა თუ გადაგვარჩენს და გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან, თორემ ეფექტი ნამდვილად ცუდი იქნება. ამას არ გეუბნებით უცხო ქვეყნის მაგალითებით, ამას გეუბნებით პრაქტიკიდან და ჩვენი ერის მენტალიტეტიდან გამომდინარე”, – წერს ექსპერტი სციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემდეგი სტატიადღეს მირზა სუბელიანის დაკითხვა იგეგმება – პროკურატურა