სესხების ლარიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება

დღეიდან სესხების ე.წ. გალარების აქცია იწყება. კომერციული ბანკები ხუთი დღის განმავლობაში იმ კლიენტებს დაუკავშირდებიან, ვისაც სესხების ე.წ. გალარების პროგრამა ეხება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის პირველ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ანუ, თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის პირველ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია. თუ მსესხებელს გააჩნია 40 000-ზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას სუბსიდირება ნაწილობრივ შეეხება, ანუ სუბსიდირება 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, 2015 წლის მდგომარეობით, სუბსიდირება არ შეეხებათ მათ, ვისი შემოსავალიც 100 000 ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა 17 იანვრიდან იწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ამ ორი თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ კომერციულ ბანკს. ეს პროგრამა ერთჯერადია და ნებაყოფლობითია. ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს, რომ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში SMS-ით, ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს, ვისაც ეს აქცია პოტენციურად ეხებათ. კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან, თვითონ დაუკავშირდნენ მათ, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ბანკებს აეკრძალებათ, რომ კონვერტაციის დროს, მსესხებელს რაიმე დამატებითი ხარჯი გადაახდევინონ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) „ყრილობაზე ხალხი მოვა და თავის სიტყვას იტყვის”- სააკაშვილი
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს ურჩევს, „გალარების“ აქციაში ჩაერთონ