სესილია – უბრალოების არისტოკრატიზმი

სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო

უცნაური და ჭირვეული, თუმცა უფრო ცხოვრების გამოცანა, ამოსაცნობი, რთულად გასაგები, მაგრამ ადვილად მისაღები. ბევრი რამით არის ის გამორჩეული ქართულ ხელოვნებაში და ამ იშვიათობას, უპირველესად, მისი პიროვნული ხასიათი განაპირობებდა _ ღრმა ინდივიდუალიზმი, პრინციპულობა და ერთგულების სანთლით საძებნი უნარი. იცხოვრა თავისებურად, ისე, როგორც მას სწამდა; იქცეოდა თავისებურად, ზუსტად ისე, როგორც მას მიაჩნდა ადეკვატურად; უყვარდა მძაფრად და ადამიანურად.
მსახიობის `უცნაურობათა~ გამიდან მხოლოდ სამს გამოვყოფთ:
1. ყველას კარგად მოეხსენება, რა რთულია სამსახურის დათმობა, მით უფრო _ ქართველი ადამიანისათვის, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, სკამზე სიკვდილს ამჯობინებს. სესილია თაყაიშვილმა შექმნა იშვიათი პრეცენდენტი: მაშინ მიატოვა თეატრი, მაშინ თქვა უარი სამსახიობო კარიერაზე, როცა იყო დიდების ზენიტში. ოლღა ბებიას როლის შემდეგ მას ქართულ თეატრში აღარ უთამაშია. არადა, იცოცხლა 78 წელი, 54 წლის ასაკში ითამაშა ბებია და გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი როლი სცენაზე! არ მახსენდება სხვა მაგალითი, მსახიობს (თუ ჯანმრთელობა არ უმტყუნებდა) ასეთ ასაკში (ან თუნდაც შემდეგ) უარი ეთქვას თამაშზე. სესილიამ შეძლო, გმირობის ტოლფასი პიროვნული მაგალითი მოეცა ჩვენთვის და უთქმელად განემარტა, რომ ცხოვრება არ მთავრდება პროფესიით, რომ მსახიობმა უნდა შეძლოს წერტილის დასმა, უნდა წავიდეს დიდების კვარცხლბეკზე მდგარი, რათა ასეთივე დარჩეს მაყურებელთა ხსოვნაში. მსგავსი სულიერი სიმტკიცისა და მოუდრეკელი ნებისყოფის გამოვლენა ძნელი წარმოსადგენია. ვინ იცის, როგორ უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა _ ცხოვრება საკუთარი თეატრის გარეშე, ანუ იმის გარეშე, რაც იყო აზრი და საზრისი მისი ცხოვრების, მისი არსებობისა! ამ ქვეყნად შემოქმედებითი აპოთეოზის დროს, პირველად გარდაცვალებამდე, სცენური სიცოცხლის დასასრულით სიკვდილს შეხვდა დიდი მსახიობი… მისი ეს მაგალითი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურის ის იშვიათი გამოვლენაა, რომლის გააზრება ბოლომდე და სიღრმისეულად ჯერ კიდევ შეუძლებელია!
2. სესილია თაყაიშვილმა პირადი მაგალითით აგვიხსნა, რას ნიშნავს სიყვარული _ ეს გულისხმობს: მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად, შემიძლია მსხვერპლად შეგეწირო. ამის საბუთად ის გამოდგება, რომ 54 წლის ასაკში დაიძრო კბილები, რათა ზუსტად ისე ეთამაშა ბებიის როლი, როგორც წარმოედგინა! ამ ჟესტით მან გაგვიცხადა ფარული და დიდი სიყვარული საკუთარი პროფესიის მიმართ; გვითხრა, რომ არ ღირს ეგოცენტრული ცხოვრების სახეობა, რომ მსახიობის ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს და, თუ შენი პროფესია მართლა გიყვარს, უყოყმანოდ უნდა გაიღო ეს მსხვერპლი. ალბათ, ძალიან გაჭირდება სათეატრო ხელოვნებაში თავდადების ასეთი მაგალითების მოძიება;
3. სესილია თაყაიშვილმა საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენა უბრალოების დიდი მაგალითი, რომ, შესაძლოა, იყო გენიალური, მაგრამ ცხოვრობდე რიგითი ადამიანის ცხოვრებით, ჩვეულებრივად, უხმაუროდ, ვითომდაც, არაფერ განსაკუთრებულ მოვლენასთან არ გვაქვს საქმეო. მსახიობმა უბრალოების ეს აკადემიზმი დაგვიდასტურა საკუთარი ანდერძით:
`ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები… რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით!
დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემ გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო.
იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.


ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება~……
დავაკვირდეთ, ანდერძის მიხედვით, რა პრიორიტეტებს აყენებს დიდუბის პანთეონში კი არა, უყოყმანოდ მთაწმინდაზე ასაბრძანებელი დიდი მსახიობი: ა) თეატრიდან არ დამკრძალოთ; ბ) პანთეონის ნაცვლად საბურთალოს სასაფლაოზე ორი ადგილი (მარტო რომ არ იყოს); გ) ნუ დაღლით ხალხს, ვიყავი, ვშრომობდი, დასრულდა ჩემი ცხოვრება…
სიცოცხლის ბოლო პერიოდის ერთ ინტერვიუში ლილი ფოფხაძის შეკითხვას, რომ დაგბრუნებოდათ სიყმაწვილე, რას შეასწორებდით თქვენს შემოქმედებითს ბიოგრაფიაში, ასე უპასუხა _ `ბევრ როლს ვითამაშებდი, უფრო მეტ სიხარულს მოვუტანდი ჩემს ხალხს, ჩემს მაყურებელს. მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება ისე მოეწყო, რომ ვერ შევძელი მთელი სიცოცხლე შემეწირა ხელოვნებისათვის~. ამ უარს თავისი მიზეზები ჰქონდა. ხასიათთან ერთად, გასათვალისწინებელია მის ნერვულ რიტმში გადატეხილი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ. ე.წ. ჭირვეულობის მიზეზიც აქედან მოდიოდა. მას ჰქონდა უმწვავესი პასუხისმგებლობა და უმაღლესი განცდა როლის თამაშისა. ერთ ტელეინტერვიუში თავად გასაგებად განმარტა: `ადვილად ვერ ვთანხმდები ახალ როლს, რადგან სულ მიპყრობს შიში: ვაი თუ, ვერ გავაკეთო ისე, როგორც მინდა. ამიტომ ხშირად მიხდება კონფლიქტი რეჟისორთან და ჩემს თავთანაც. ვღელავ, სრულიად მერღვევა სიმშვიდე, იწყება უძილო ღამეები, საშინლად ვნერვიულობ და განა ეს ჭირვეულობაა?!~
დიახ, ცოტას თამაშობდა, ოღონდ _ მაღალმხატვრულ დონეზე! მართალია, როლების მიმართ სიხარბე მსახიობის თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ ს. თაყაიშვილმა შეძლო დაეძლია ეს ვნება და ხარისხი არ გაეცვალა პირადს სიამოვნებასა და პოპულარობის მახინჯ სინდრომში! და კიდევ ერთი, მან ზუსტად იცოდა თავისი ადგილიც და შესაძლებლობათა მაქსიმუმიც. რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ გადაწყვიტა მარჯანიშვილის თეატრში დაედგა დიურენმატის `მოხუცი ქალბატონის ვიზიტი~ და მთავარ როლზე სესილია მიიწვია. მან უარი განაცხადა. ნათელა ურუშაძემ ჰკითხა: კი, მაგრამ, რას უწუნებ ამ როლს, რატომ ამბობ უარსო. გასაოცარი იყო მსახიობის პასუხი: `ეს არაა ჩემი როლი! სიყვარულის თამაში სცენაზე მხოლოდ ვერიკოს შეუძლია!~


საოცარია, ერთ თეატრში გვერდიგვერდ ორი ლეგენდარული მსახიობი, რომლებიც სახელებით შემოინახა თეატრის ისტორიამ _ ვერიკო და სესილია; ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორი ტალანტის კონტრასტი და შერკინება-შეჯახება ფრიდრიხ შილერის `მარიამ სტიუარტში~. სესილია თაყაიშვილი კონფლიქტების დინამიკაში შეიცნობდა სამყაროს, თითქოს ამ გზით უფრო ეზიარებოდა ჭეშმარიტებას. აშკარად იყო ამაში რაღაც პარადოქსულიც. მაგრამ, არ ყოფილა არავითარი გამოვლენილი დაძაბულობა მასა და ვერიკოს შორის. დღემდე ახსოვთ, თქვენობით როგორ მიმართავდა. ბევრისთვის აუხსნელი იყო სესილიას ასეთი განსაკუთრებული მოწიწება ვერიკო ანჯაფარიძის მიმართ, მით უფრო მოხუცებულობის ჟამს. მერე ჰკითხეს კიდეც, თქვენობით ახლა მაინც რატომ ესაუბრებითო და გაოცებულს უთქვამს: როგორ, ვერ ხვდებით, რომ ვერიკო ძალიან დიდია?! გარდა ამისა, შეუძლებელია, სესილია თაყაიშვილი მადლობელი არ ყოფილიყო ვერიკო ანჯაფარიძისა: მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როცა სტალინური რეჟიმი მძვინვარებდა და სასიკვდილიდ იმეტებდა `პარტიის გენერალური ხაზიდან~ ოდნავ გადაცდომილებსაც კი, მარჯანიშვილის თეატრში ერთ რეპეტიციაზე სესილიამ საბედისწეროდ იხუმრა _ პოლიტიკური ანეკდოტი თქვა. მეორე დღეს სახელმწიფო უშიშროება _ КГБ მოვიდა თეატრში. შეყარეს დასი. სამარისებრი სიჩუმე იდგა დარბაზში. შეკითხვა კონკრეტული იყო: ვინ იხუმრა პარტიაზე აგდებულად და შეურაცხმყოფილად? ყველასაგან მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ვერიკო ანჯაფარიძე: მაპატიეთ, მე გავიხუმრე, აწი აღარ ვიზამ!
ასე გადაარჩინა მან სესილია თაყაიშვილი მინიმუმ დაპატიმრებას!
1966 წელს ვერიკომ სესილიაზე დაწერა: `ყოვლის დამნახველი თვალი აქვს, მსახიობის შემოქმედების ყოველ კუნჭულში ჩამწვდომი, გემოვნება _ უზადო და უცდომელი. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთ თვისებებს~. 1979 წელს კი გაზეთ `ქართული თეატრის დღეში~ დაიბეჭდა სესილია თაყაიშვილის ვრცელი წერილი. ვერიკო ანჯაფარიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავდა. მან გაიხსენა პირველი შეხვედრა დიდ მსახიობთან და დასძინა: `შემდეგ მეც მსახიობი გავხდი, ამხანაგად გაგიხდით, ბევრი სიხარული განგვიცდია, გაჭირვებაც ბევრი გვინახავს, ხელჩართული ბრძოლაც, ჩხუბს რომ ეძახიან, მაგრამ პირადი სიძულვილი არ ყოფილა არასოდეს! ეს იყო შემოქმედებითი შფოთი და მოუსვენრობა… რა მეგობრები ვიყავით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი!~
ქართულ თეატრს იშვიათად ჰქონია ასეთი ფუფუნება _ ორი უმაღლესი რანგის მსახიობი ერთ თეატრში გვერდიგვერდ!!!
იყო რაღაც შემზარავი სესილია თაყაიშვილის ტალანტში. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ხარისხი, რომელსაც მან თუნდაც ასინეთას როლით მიაღწია ან მარადია ბებიას უხმო ტრაგიზმით გვაზიარა. თავად მსახიობი ასე ამბობდა: უსიტყვო ეპიზოდში თუ მოახერხე გარდასახვა _ ეს განსაკუთრებული სიამოვნებააო. სამწუხაროდ, ვიდეოფირებს არ შემოუნახავს სცენაზე ნათამაშები მისი თითქმის არც ერთი როლი (სრულად), მაგრამ ეს ვაკუუმი შეავსო კინომ. `ნატვრის ხის~ ფინალური სცენა ნამდვილად არის მსოფლიო კინოხელოვნების შედევრი თავზარდამცემი მეტამორფოზის გამომწვევი სევდით, ტკივილითა და ტრაგიზმით.სესილიამ გვიჩვენა განსაკუთრებული უნარი ქვეცნობიერი დაკვირვებისა, ანალიზისა, სახის გახსნისა. მისი ოლღა ბებია (ყველას ბებიად ქცეული!) ძალზე ნაცნობი და ახლობელი ადამიანის იდუმალი ბიოგრაფია იყო, თითქოს ყველაფერი გასაგები, მაგრამ მაინც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული. ამიტომაც აღიარეს ეს სახე შთაგონებისა და უმაღლესი სცენური მათემატიკის ჰარმონიად და ამიტომაც უწოდეს ჯადოსნის შექმნილი (ურუშაძე 1988: 148).
სცენის ამ ნამდვილი დიდოსტატისთვის არ არსებობდა წვრილმანი დეტალი. ყველაფერი როლის სრულყოფისთვის სჭირდებოდა, რადგანაც თავისი გმირებით (როგორც თვითონ იტყოდა-ხოლმე) ცხოვრების ასლს კი არა, არსს გვიცოცხლებდა სცენაზე! მან კარგად იცოდა მსახიობის პროფესიის სირთულეც და საიდუმლოც და, როცა ჰკითხეს, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ მსახიობობაო, დაუფიქრებლად უპასუხა: `უარი თქვან ამ პროფესიაზე, ვინაიდან ყველას ადვილი და გასართობი ჰგონია, მაგრამ თუ უნარი აქვთ შრომის, აქვთ ნიჭი და გამძლეობა, მაშინ ვურჩევდი, შესულიყვნენ თეატრალურ ინსტიტუტში~. ძნელია მოიძებნოს ამაზე უფრო კომპეტენტური პასუხი მსახიობის პროფესიის ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.


თანამედროვე ეგოცენტრულსა და კრიზისულ სამყაროს არ ესმის არც ხმა იდუმალი და არც ბგერა ზეციური. სესილია თაყაიშვილის შემფასებელიცა და დამფასებელიც მომავალი საუკუნეების პირმშოა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანეტა დაიღლება ამდენი შურითა და ბოღმით, ამდენი სისასტიკითა და ძალადობით და გამძაფრდება მოთხოვნა ჩუმი, უპრეტენზიო და უხმაურო ცხოვრების მიმართ თუნდაც მაშინ, როდესაც ხარ შემოქმედი და ავტორი უმაღლესი რანგის ხელოვნებისა.
სესილია თაყაიშვილი სინანულითა და ტკივილით შემოგვყურებს საუკუნის ხმაურში ჩანთქმულებს და გვიტოვებს საფიქრალს, იქნებ ოდესმე მაინც შევიცნოთ სიმართლე.

 

 

საბა მეტრეველი

 

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ვიღებთ
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა