სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან

“თქვენ დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს,“- ეს განცხადება, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ის თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წნეხის მიუხედავად, დეპუტატებზე გავლენა ვერ მოახდინა და მათ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს. მისივე განცხადებით, გამოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების რეალური სახე.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და კომიტეტის თავმჯდომარეობას საკუთარი სურვილით დატოვებს.

„პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რაც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე, თქვენ დღეს დაინახეთ, რომ, პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს უმრავლესობის სხდომას, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ვაჩვენე, პრაქტიკულად, სახე აი ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა, მე მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

67 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ თუ იმალებოდნენ, არ ვიცოდი, თუმცა მსმენია, რომ ზოგიერთი მაგიდაზე ასული სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა დღესვე ჩატარდეს