14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სეს-მა სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავი სვანურ მარილში აღმოაჩინა — ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით ქვეყნის მასშტაბით 50 ნიმუში აიღო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აკრძალული ნივთიერებები მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

აკრძალული საღებავები — Sudan I და Sudan IV აღმოჩნდა შპს „ნთკ 2016“-ის მიერ წარმოებულ სვანურ მარილში (მისამართი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ქვედა კვირიკე; დამზადების თარიღი: 02.02.2026, ვარგისიანობის ვადა: 02.02.2027).

გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა აღნიშნული სვანური მარილის რეალიზაცია; სეს-ის ზედამხედველობით დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და გამოთხოვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული სურსათი, თუ ის უკვე შეძენილი აქვთ.

ცნობისთვის, „სუდანის“ ჯგუფის საღებავები მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავებს, ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სეს-ის ინფორმაციით, რისკზე დაფუძნებული კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის კიდევ 177 ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან, აფხაზეთსა და ცხინვალთან ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს
შემდეგი სტატიასიორიძე: ღარიბაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრიმინალიც კი შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნილი