15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სერგო ვარდოსანიძე: ხვალ სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს

28 აპრილს სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს, კრების შემდეგ მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას – 10-15 მაისისთვის ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, – ამის შესახებ თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

ვარდოსანიძის თქმით, გაფართოებულ კრებას სასულიერო პირების გარდა საერო პირიც დაესწრება, რომელიც აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან.

“წესით, 28 აპრილს სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს. როდესაც გაფართოებული კრება ჩატარდება, ამის შემდეგ მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას, რადგან როდესაც არჩევნები დასრულება და გამოცხადდება 142-ე პატრიარქის ვინაობა, ეს ინფორმაცია უნდა დაიგზავნოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებთან, იქიდან დელეგაციები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პატრიარქის აღსაყდრებაში, ამას კი გარკვეული დრო სჭირდება. მაქსიმუმ, 10-15 მაისისთვის ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს.

ახლა ეპარქიებში უკვე დაწყებულია საეპარქიო კრებები და ამ საეპარქიო კრებებზე ხდება გამორჩევა იმ დელეგატებისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გაფართოებული კრების მუშაობაში. სასულიერო პირების გარდა, საერო პირიც დაესწრება. ეს საერო პირი შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევა – ის უნდა იყოს ეკლესიასთან დაკავშირებული, მორწმუნე. სრულიად უცხო ადამიანი არ შეიძლება გახდეს გაფართოებული კრების მონაწილე.

იქ კვოტები სიდიდის მიხედვით არის განსაზღვრული, რომელ ეპარქიას რამდენი დელეგატი ეყოლება. დაახლოებით 2 ათასამდე დელეგატი შეგროვდება, თუ მეტი არა”, – განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.

banner
წინა სტატიაშიშაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიაკეროლაინ ლევიტი: პოლიტიკური რიტორიკა ქმნის გარემოს, სადაც შეიძლება ვინმეს პრეზიდენტზე თავდასხმის სურვილიც კი გაუჩნდეს