გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა სახელისუფლებო გუნდის ერთიანი პოზიციაა, სერგო რატიანი გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა მთავრობის ეკონომიკური ინიციატივების შესახებ ისაუბრა.
„ეს გეგმა და ბიუჯეტი, რომელიც შემოტანილია, არის დამაზიანებელი, ეს არის მთავარი, სამთავრობო გუნდში რა ხდება, ეს არის მეორეხარისხოვანი,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, რაშიც პრემიერმინისტრია პასუხისმგებელი. რატიანის თქმით, შესაძლოა ეკონომიკური კოლაფსიც მოხდეს. სერგო რატიანი მთავრობის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებს.
„ქართულმა ოცნებამ და პრემიერმა ქვეყნის ბიუჯეტის შევსება გადაწყვიტა თითოეული ჩვენგანის ხარჯზე, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩაუძვრებიან ჯიბეში და ამოუღებენ თანხას, ფასები იქნება გაზრდილი,“- განაცხადა სერგო რატიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში.