სერგო რატიანი: აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები ერთ კომბინირებულ გამოცდად უნდა ჩააბარონ

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს, რომ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდები ერთი კომბინირებული გამოცდის სახით, ერთ დღეში ჩააბარებინონ.

რატიანის შეფასებით, შემაშფოთებელია განათლების მინისტრის განცხადება, რომ 2020 წლის ეროვნული გამოცდები, იგივე ფორმატით ჩატარდება.

“ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, შემცირებული იქნება, მაგრამ მომზადებული უნდა იყოს სისტემა. არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ფაქტობრივად ისევ 4-5 დღე უნდა აბარებინონ აბიტურიენტებს გამოცდები, ეს არის შემაშფოთებელი.

ჩვენ ვთავაზოთ, რომ ამ ვითარებაში გააკეთონ ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი. მაქსიმუმ, სამი ჩატარდეს ერთად ერთ დღეში და მეოთხე გამოცდაზე, რომელიც არ არის ყველასთვის აუცილებელი, გაცილებით ნაკლები ადამიანი იქნება.

რაიონულ ცენტრებში და დიდ ქალაქებში 40 000 აბიტურიენტის და მათი ოჯახის წევრების მობილიზება – ეს იქნება სახიფათო”, – ამბობს რატიანი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ადრე ტარდებოდა.

ჩხენკელი ამბობს, რომ სამინისტროს ორიენტაცია ივლისზე აქვს აღებული, თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, გამოცდებმა აგვისტოში გადაინაცვლოს. სხვა ცვლილებას მინისტრი არ ვარაუდობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მზად ვართ, ნებისმიერ დროს, პარლამენტს წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით