სერგო ჩიხლაძე – რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს, ეს არის სპონტანური აქტი

რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს, ეს არის სპონტანური აქტი, ხელისუფლების მცდელობა, ვინმე დააშინოს და თითქოს ვინმე რევოლუციას აწყობს, არ არის სიმართლე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების გამართვა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ კვირაში კონსულტაციები ექნებათ, რომელზეც საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან.

„კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ გაფართოებულ ფორმატში გვექნება შეხვედრა, მათ შორის მედიისთვის. რევოლუციაზე არ გვქონია მსჯელობა. რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს ეს არის სპონტანური აქტი, შესაბამისად, ხელისუფლების მცდელობა, ვინმე დააშინოს და თითქოს რევოლუციას აწყობს ვინმე, არ არის სიმართლე. არანაირ რევოლუციაზე მსჯელობა არ გვაქვს. რაც შეეხება აქციებს, დემონსტრაციებს, იქნება და მივიღებთ მონაწილეობას ისევე, როგორც გუშინ კანცელარიასთან. არანაირი რევოლუცია იქ არ მომხდარა, მივიღებთ მონაწილეობა მშვიდად, წყნარად და ასე ჩატარდება ყველა აქცია. იქნება ეს გაზაფხულზე, ზაფხულზე, თუ ნებისმიერ დროს. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ იქნება აქციები, აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ აქციებში. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროზე განიხილოს და დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ის წერილები, რომლებიც ორი თვის წინ დაიწერა.

„მანდატებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროზე განიხილონ მანდატების საკითხი. ისედაც ყველანაირი ვადა გასულია და იწურება. დროზე განიხილონ და დააკმაყოფილონ ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ის წერილები, რომლებიც ორი თვის წინ დაიწერა. ამით საბოლოოდ მოეღება ბოლო სპეკულაციებს, ჭორიკნობას და მეორე მესამეხარისხოვან თემებს, რომ ვიღაცა შედის პარლამენტში, ვიღაც არა.

ხელისუფლების ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ ისინი სავარაუდოდ, არ აპირებენ მოლაპარაკებების გაგრძელებას, მიუხედავად ოპოზიციის მზაობისა, მიუხედავად ფასილიტატორი ელჩების მზაობისა, რომ მედიაცია გაუწიონ ამ პროცესში. როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ არ აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას, ასე ჩანს სამწუხაროდ. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, გააღრმავებს იმ ჩიხურ სიტუაციას და პოლიტიკური კრიზისის ტემპერატურას მაღლა სწევს. იმის ნაცვლად, რომ კრიზისი ჩაეხშოთ, უფრო ამწვავებენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ექსტრადიცია იტალიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ემუქრება
შემდეგი სტატია„ენდიაის“ კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების მიმართულებით მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 60 პროცენტი