სერგო ჩიხლაძე – რაც შეეხება პაატა მანჯგალაძის შესვლას, ის სიის მესამე ნომერია ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მთავარ საკითხებზე, რომელიც მათ შორს შეეხება ხელახალ არჩევნებს, შეთანხმება მიღწეული არ არის და სწორედ ამისთვის გახდა საჭირო მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი.

ამასთან, ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს, დღეს ან ხვალ მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროოს.

„ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა. საარჩევნო პროცედურების, ადმინისტრაციის, კანონმდებლობის ქვეპუნქტებში, ასე ვთქვათ, შედარებით იოლად წავიდა მოლაპარაკებები, მაგრამ რაც შეეხება პატიმრების თემას, ხელახალ არჩევნებს ან პლებისციტის თემას, ანუ იმ სამი პუნქტიდან ორ ძალიან მნიშნველოვან პუნქტზე შეთანხმება არ არის. შემდეგი რაუნდი ზუსტად ამისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ამ პოზიციების ხელახალი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.

წინასწარ არ შეიძლება რაღაც ნეგატიური მოლოდინის ჩამოყალიბება, ან ისეთი განცხადებები, როგორსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ, რომ წითელი ხაზებია და ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ეს არ უწყობს ხელს მოლაპარაკებებს. ჩვენ – ოპოზიცია ვაპირებთ, ნებისმიერ შემთხვევაში დღეს-ხვალ გავასაჯაროოთ ყველა დეტალი და ამ მოლაპარაკების ყველა კომპონენტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, ჩიხლაძის განმარტებით, თუ ფუნდემენტურ საკითხებზე შეთანხმება არ მიიღწევა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდიდან პარლამენტში არავინ შევა.

„ჩვენი პარტიის პოზიცია არის, რომ თუ არ იქნა შეთანხმება მიღწეული ფუნდემენტურ საკითხებზე, გამოვრიცხავ, რომ შედეგის მიღწევის გარეშე, ჩვენი გუნდიდან ვინმე შევიდეს პარლამენტში. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძის შესვლას, ის სიის მესამე ნომერია. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მოდი, ასე ვთქვათ, ცალკე ვერავინ ვერ შევა. ცალკე, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, ჯაჭვს ვერავის ჩააბამს ადამიანი, მაგრამ მე დარწმუებული ვარ, პარტიული გადაწყვეტილების გარეშე არც ერთი ადამიანი არც ჩვენთან არც სხვაგან, ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი საერთოდ გადის პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს