სერგო ჩიხლაძე – „ისფედის“ შედეგებზე არასდროს ვაპელირებდით

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 12:29

სერგო ჩიხლაძე – „ისფედის“ შედეგებზე არასდროს ვაპელირებდით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან ელენე ნიჟარაძის გადადგომას პოლიტიკურ პროცესსა და მოლაპარაკებებზე გავლენა არ ექნება.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მთავარი არგუმენტი აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ ყოფილა, რადგან ის არ იკვლევს შანტაჟს, ე.წ. კარუსელს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.

„ამ გადადგომას პოლიტიკურ პროცესებზე არანაირი გავლენა არ ექნება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები. გამგეობამ გადააყენა მოქმედი დირექტორი იმ დაშვებული შეცდომის თუ გაუგებრობისთვის, რისთვისაც ამ ორგანიზაციას მიადგა რეპუტაციული ზიანი. ასე რომ, ეს არის შიდა პროცესი, რასაც არანაირი გავლენა პოლიტიკურ პროცესებსა და მოლაპარაკებებზე არ ექნება. „ისფედის“ შედეგებზე ჩვენ არასდროს ვაპელირებდით იმიტომ, რომ გაყალბებას, შანტაჟს, კარუსელს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას „ისფედი“ არ ითვლიდა. ამიტომ ეს ორგანიზაცია ჩვენი მთავარი არგუმენტი არასდროს არ ყოფილა.

პირველ რიგში, ორგანიზაციას მიადგა დიდი რეპუტაციული ზიანი, რომლიდანაც შეიძლება, დიდხანს ვერ გამოვიდეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის ამ პროცესში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.

„არა პოლიტიკურ მოტივს ვერ ვხედავ. პოლიტიკოსებს ხომ არ გადაუყენებიათ?! თავისივე ბორდმა გადააყენა. შესაბამისად, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, როდესაც ორგანიზაციას დიდი რეპუტაციული ზიანი ადგება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას იღებს ხელმძღვანელი. ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ამაზე დღემდე პასუხები არ მიგვიღია. ეს შეიძლება ყოფილიყო ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება ყოფილიყო თვალთვალი, მიყურადება, რაზეც თვითონ ელენე ნიჟარაძე ამბობდა, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ „ისფედი“ ითვლის პარალელურად ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს, ის არ ითვლის გაყალბებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კარუსელს, შანტაჟს, რომელზეც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის აშშ-ის ელჩიც საუბრობს.

შეგახსენებთ, ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 12:29