სერგი კაპანაძე: თუ კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ შევიდეს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შესაძლოა, სანდრა რულოვსმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს.

ყოფილი პირველი ლედი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება, სადაც კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა რა თემაზე მსჯელობენ ოპოზიციურ პარტიაში, ცნობილი არ არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, რომ პარტიას პარლამენტში შესვლა გადაწყვეტილი აქვს და თუ რომელიმე წევრი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი სიაში მომდევნო პოლიტიკოსით ჩანაცვლდება.

“ჩვენთან შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს. ვემზადებით საპარლამენტო სესიისთვის. ამიტომ, რამე კონკრეტული არ ხდება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შედის პარლამენტში. თუ კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდეს პარლამენტში, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და შემდეგი ადამიანი სიიდან შევა პარლამენტში”, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებებისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.

მისი თქმით, სწორედ ზეწოლის შედეგად მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ნაცმოძრაობის“ სიძლიერე ისაა, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ ვიღებთ. ჩვენთვის ახლა, ამ მძიმე რეალობაში, როცა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მთავარი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ახალი პოლიტიკური ბრძოლის რეჟიმი სულ მალე დაიწყება”, – განაცხადა კაპანაძემ.

სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაშია და პარლამენტში შესვლა შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე : შესაძლოა, დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები დაშლა მართული იყოს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას”, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან