სერგი კაპანაძე : სუს-ს ივანიშვილის მორჩილი ადამიანები ხელმძღვანელობენ და ამ ინსტიტუციას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ პოლიციას

სუს-ს ივანიშვილის მორჩილი ადამიანები ხელმძღვანელობენ. ამ ინსტიტუციას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ პოლიციას. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სუს-ი გაუქმედეს იმ ფორმით, როგორითაც დღეს არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილს წარმოდგენა „სუს-ის მომდევნო შეფად” არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა და კიდევ უფრო განამტკიცა.

„ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა ლილუაშვილთან, რომელიც როგორც მის წარსულს ეხება, როცა ის საბაჟო დეპარტამენტში მუშაობდა, ასევე მის საქმიანობას, როდესაც ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. მაგალითად, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, როგორიცაა: მუხთარლის საქმე; რატომ არ არიან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ის ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია; დღგ-ს გახმაურებული საქმე, როდესაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მაგრამ სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ადამიანები არ არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები; გაგრძელება იმ მანკიერი პრაქტიკის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შექმნა – სახელმწიფო ბიუჯეტი მიდის ისეთ გამოცემებში, რომლებიც პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ემსახურებიან და სუს-ი ერთი მხრივ, თავის მოხსენებებში ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა გამოწვევაა და მეორეს მხრივ არაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ დახარჯოს ასეთ ორგანიზაციებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

მას შენიშვნები აქვს განხილვის პროცედურულ ნაწილზეც. კაპანაძის თქმით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიავილმა ისეთი ფორმატი აირჩია, რომლითაც ის „კომფორტს უქმნის კანდიდატს”.

„სამწუხაროდ, ისეთი მიდგომა აირჩია კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ მას არ სურს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართოს დისკუსია. მან კითხვები დააგროვა, რითაც კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა თავის კანდიდატს. ამ ყველაფრის შედეგად არ დავუჭერთ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს და მაინც დაველოდებით იმ პასუხებს, რომელიც უნდა გაგვცეს დღეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე იყო პრაქტიკა, მას არ ექნება პასუხები და იქნება ზოგადი პასუხები”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის თავდაცვის კომიტეტზე შესვენება არის გამოცხადებული. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე სავარაუდოდ 15:00 საათზე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩემი ფიქრი თუ შეფასება აქ, ჩემი აზრით, უადგილოა – შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისს დაზარალებულების სტატუსზე
შემდეგი სტატიაანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე, ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს – ხოშტარია