სერგი კაპანაძე – შეცდომა იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძეს ისანში კანდიდატურას დაუყენებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ჯერჯერობით ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მასშტაბით შეათანხმა.

„ამ ეტაპისთვის ოპოზიციას შეთანხმებული ჰყავს კანდიდატები თბილისის მასშტაბით. ყველა ამ კანდიდატზე მოხდა დადასტურება „ლეიბოროსტულ პარტიაში“ კონსულტაციებში მონაწილე პოლოტიკური ძალებისგან, რომ ისინი არიან ჩვენი საერთო კანდიდატები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა გაიზარდოს ივანიშვილის დამარცხების შანსი პირველ ტურში.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ ამ შეთანხმებას შეუქმნას საფრთხე ერთ-ერთ კონკრეტულ ოლქში, მაგალითად, ისანში, ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აზრით, ეს იქნება შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შეთანხმებების დარღვევის დრო არ არის. ახლა არის დრო უფრო მეტი კოორდინაციის, თუ შესაძლებელია, მათ შორის სხვა ოლქებშიც. თუმცა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და ისეთი რამე შევაფასო, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, „ნაციონალები“ ამბობენ, რომ ერთიანობა გიორგი ვაშაძემ თავად დაარღვია, კაპანაძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე საფრთხე ერთიანობას არ ექმნება.

„პირიქით, ჩვენ ვართ მოწადინებული, როგორც აქამდე ვიყავით, რომ თუ სადმე შესაძლებელია კოორდინირება, იქაც მოხდეს. მაგრამ თუ ეს იქნება გადახედილი, მაგალითად ისანში, მიგვაჩნია, რომ არ იქნება სწორი და დამნაშავის ძიება, იმის ძიება, თუ ვის გამო და როგორ მოხდა, ასევე არ იქნება სწორი. ამიტომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ გიორგი ვაშაძეს დაუყენოს კანდიდატურა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. წინასწარ არ მგონია სწორი, ამაზე კომენტარები ვაკეთოთ, დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შემიძლია ვთქვა, რომ იქნება შეცდომა. ამ ეტაპზე გიორგი ვაშაძე არის ოპოზიციური ერთობის, იმ ძალების, რომლებიც „ლეიბორისტულ პარტიაში“ იკრიბებიან ხოლმე, მათი შეთანხმებული კანდიდატი ისანში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშილელოს ლიდერები სამართლებრივი სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა