სერგი კაპანაძე : პრემიერობის კანდიდატი გადაწყდება იმის მიხედვით, როგორი იქნება კოალიციური შეთანხმება

პრემიერობის კანდიდატები შეიძლება, ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელოს, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, საბოლოოდ გადაწყდება იმით, როგორი იქნება კოალიციური შეთანხმება, – ამის შესახებ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ ახლა აღნიშნული საკითხისადმი დიდი ყურადღების მიქცევა სწორი არ არის.

„რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში მოხდეს კოორდინირება და შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში ვიღაც ვიღაცას მხარს დაუჭერს, ჩემი აზრით, არ არის სწორი მიდგომა. მეორე ტურში ისედაც იგულისხმება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს რაღაც წინააღმდეგობები და მოახდინონ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შთანხმება ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში.

„ეს შეიძლება, იყოს თანამშრომლობა, ეს შეიძლება იყოს კანდიდატების არ დაყენება, საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ამიტომ ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესები არის დაწყებული, არ მგონია, სწორი იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ ტურში მაჟორიტარების შეთანხმება, კოორდინირება უნდა იყოს ყველა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიციური ძალის ამოცანა ამ ეტაპზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის მქონე მედდის მდგომარეობა სტაბილურია – ლევან რატიანის თქმით, მისი კოლეგის ინფიცირების წყარო უცნობია
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის