სერგი კაპანაძე : პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანაა, სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს კლანისა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მოაქციოს სასამართლო და არ უსმენს დასავლელ პარტნიორებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ნაბიჯებით საქართველო არათუ ჭაობში ჩაიხრჩობა, არამედ სრულ იზოლაციაში მოხვდება საერთაშორისო პარტნიორებისაგან.

მისი თქმით, ამ ჭაობიდან ამოსვლას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რაც გულისხმობს უმაღლეს ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევასა და დიდი საქმეების გადასვლას ნაფიც მსაჯულებზე.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ და კლანის კონტროლის ქვეშ. ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს და არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა, მათ შორის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და შეიცვლება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი კოალიციური მთავრობა, რომლის ცენტრში იქნება „ევროპული საქართველო“, დაიწყებს სასამართლო რეფორმებს. სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ნაწილი იქნება ესეთი ტიპის მოსამართლეებისგან სასამართლოს გაწმენდა, თუმცა სასამართლოს გაწმენდა არა ისე, რომ ვიღაც ახალმა თავისი მორჩილი დანიშნოს, არამედ ისე, რომ დიდი საქმეების ნაწილი გადავიდეს ნაფიც მსაჯულებზე, ხოლო ზედა ინსტანციის სასამართლოებში გაჩნდნენ უცხოელი მოსამართლეები, რომ არავის არ წაუცდეს ხელი, რომ თავისი მორჩილი მოსამართლე დანიშნოს მომავალში სასამართლოში.

ეს პირველად არ მომხდარა, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გზავნილი როგორც საზოგადოებისათვის, ისე დასავლელი პარტნიორებისათვის არის, რომ მათთვის მთავარი არის, რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი და არა ის თუ რას იტყვიან ჩვენი მეგობრები და რაზე ფიქრობს ხალხი.

ამიტომ, ამ ყველაფერს ძალიან მალე უნდა დაესვას წერტილი, თორემ ასე თუ გავაგრძელეთ, მარტო ამ ჭაობში კი არ ჩაიხჩობა მთელი ქვეყანა, არამედ ასევე სრულ იზოლაციაში მოვხვდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი წარუდგინა
შემდეგი სტატიაჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია – მაია ცქიტიშვილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე