სერგი კაპანაძე : მხოლოდ სადღეგრძელო და საუბარი, რომ საქართველო ყველაზე მდიდარი უნდა იყოს, საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ხედვა

მხოლოდ სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, რომ ქვეყანა უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, ჰქონდეს შემოსავალი და საქართველო იყოს დამოუკიდებელი, საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დ ეპუტატი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც სასწრაფოდ არის გამოსაყვანი, სასწრაფოდ არის მოსახდენი გარდამტეხი ცვლილებები. ამას სჭირდება კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ უბრალოდ იმისი ხედვა როგორი არის, მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი და არა კონკრეტული გზები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ უღრმესი, უმძიმესი და მართლა უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს მომავლის ასეთი ხედვა, ანუ გვაქვს მიმართულება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს, რათა გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, მწვავე კრიზისი დაიძლიოს და „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ აუცილებლად ქვეყანა წავიდეს წინ და არ წავიდეს უკან.
მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, უნდა ჰქონდეს შემოსავალი და საქართველო იყოს დამოუკიდებელი, საკმარისი არ არის.

სწორედ ამიტომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს გადასახადების სწრაფი შემცირება, რათა გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდეს. უნდა მოხდეს ოჯახებისთვის მეტი ფულის დატოვება, 2000 ლარი დარჩება ამ რეფორმების შედეგად და ეს უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ხალხისთვის საკუთრების გადაცემა და 2 მილიარდიანი ფლანგვის შეჩერება. უნდა მოხდეს კონკრეტული გზებით სასამართლო დამოუკიდებლობის მიღწევა, როგორიც არის ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, არჩევითი შერიფები და ასე შემდეგ. ეს არის, რაზეც „ევროპული საქართველო“ საუბრობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი. და არა უბრალოდ სადღეგრძელოზე, რა გვინდა რომ მოხდეს მომავალში“, – განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „მისთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს, არამედ ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი“. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ხედვა არის სხვანაირი საქართველო, ისეთი, სადაც თითოეულ ქართველი იქნება მდიდარი.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს და მოითხოვს, რომ საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალოს
შემდეგი სტატიანათია თურნავა : პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტიანობას