სერგი კაპანაძე მიხეილ ბატიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ​საქმეზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ია კერზაიას საქმეზე დღემდე არავინ დასჯილა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სკოლის დირექტორზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ჯერ კიდევ თანამდებობებზე რჩებიან.

დეპუტატის თქმით, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა განათლების სამინისტროსა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

„უკვე მეოთხე თვეა, საზოგადოება ელოდება პასუხებს ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. გავიდა თვეზე მეტი. პროკურატურამ თითქოს დაიწყო გამოძიება, მაგრამ არც ერთი შედეგი არ დაუდია. არათუ არავინ დაისაჯა, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მე-6 საჯარო სკოლის ეგზეკუციაში, რომლებიც იბარებდნენ კერზაიას და მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მხედველობაში მაქვს რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ზუგდიდში, ფარცვანია, ჯერ კიდევ თავიანთ თანამდებობებზე არიან. ანუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა განათლების სამინისტროსა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ის ეჭვი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა და რომელზეც კითხვები დაისვა, პრაქტიკულად დადასტურდა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

„დღეს პირიქით გამოჩნდა, რომ ამ საქმეს სისტემური ხასიათი ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი და იგივე შინაარსისა და სიტყვების გამოყენებით, მსგავსი საჩივრები შედიოდა ძალიან მოკლე დროში განათლების სამინისტროს სისტემაში. ახლა დროა, საქმეზე მოხდეს კონკრეტული რეაგირება. მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. მას უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობიდან, არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ იზიარებს ამ პასუხიმგებლობას. ამიტომ, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, დეპუტატმა განაცხადა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წინაშე გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ია კერზაიას საქმეზე მოხსენებით უნდა წარდგეს.

„ამის მისაღწევად გვჭირდება კომიტეტის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა. ინდივიდუალურად მივმართავთ განათლების კომიტეტის ყველა წევრს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს და მათაც აიღონ პასუხისმგებლობა, მოიწვევენ პროკურორს, თუ შეუერთდებიან ამ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს. ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის კომიტეტებს შეუძლიათ, ჩაატარონ თემატური მოკვლევა სხვადასხვა თემაზე. ახლა მივმართავთ განათლების კომიტეტს, დღესვე შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად, მასწავლებლებზე, მათ შორის სკოლის დირექტორებზე არსებულ ზეწოლაზე ჩაატარებს მოკვლევას, რათა აღარ იყოს ის ინსინუაციები, როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენება ნდობას არ იმსახურებს, ამიტომ პარლამენტმა თვითონ უნდა აიღოს ეს თემა ხელში და საკომიტეტო მოკვლევის გზა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამ სამ საკითხს ვაყენებთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.

banner
წინა სტატიაშისოფო ქაცარავა – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი პასუხია არაადამიანურ მოპყრობაზე
შემდეგი სტატიარუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა