სერგი კაპანაძე : მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ოცნების“ მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება

„მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უბრალოდ შეხვედრისთვის შედგება და მას შედეგი არ ექნება.

„მესამე რაუნდს ოპოზიცია ისევ ელოდება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთანაც. მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება ჩვენი წინადადებების საპასუხოდ. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში, მესამე რაუნდი შეიძლება შედგეს უბრალოდ შეხვედრისთვის, მაგრამ მას შედეგი არ ექნება. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარსდგება ივანიშვილი კონკრეტული წინადადებით“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია იცავს გაყალბებული არჩევნების შედეგად ქართველი ერის შელახულ ნებას და არა კონკერტული ადამიანების საპარლამენტო სკამებს.

„ქართული ოცნების“ კონკრეტული სპიკერები როდესაც აგულიანებენ თავის მოსახლეობას და ერთმანეთს და თან აქეთ ოპოზიციას ეუბნებიან, რომ თავმოყვარეობაზე უარი თქვით და პარლამენტში შემოდითო, ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულებით და ასეთი განცხადებებით ამ კრიზისის განმუხტვა არ მოხდება. კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ჩვენ აქ ვიცავთ გაყალბებული არჩევნების შედეგად ქართველი ერის შელახულ ნებას და არა კონკერტული ადამიანების საპარლამენტო სკამებს. თუ მათ ჰგონიათ, რომ ეს სკამები უფრო ძვირფასია, ვიდრე გაყალბებული არჩევნების შედეგად შელახული ნების დაცვა, ძალიან ცდებიან ამაში. ეს ოპტიმიზმი უფრო მეტად ჰგავს რაღაც პროპაგანდას. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები პარტნიორებთან ერთად, ამიტომ ველოდებით მესამე რაუნდსაც, მაგრამ აბსოლუტურად მათზეა დამოკიდებული, რამდენად ექნებათ კონკრეტული წინადადება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : საქართველომ უნდა გამოიყენოს მომენტი, რათა მეტად დააახლოოს ურთიერთობები ნატო-სთან, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს
შემდეგი სტატიანათია თურნავა : არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება