სერგი კაპანაძე : ივანიშვილმა საზოგადოება თავისიანებად და სხვისიანებად დაყო

ივანიშვილმა საზოგადოება თავისიანებად და სხვისიანებად დაყო – თავისიანებს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ და სხვისიანებს აკავებს მშვიდობიანი პროტესტის გულისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივისტებისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირებების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ერთადერთი გამოსავალი აქციების მშვიდობიანი, კონსტიტუციური ფორმით გაგრძელებაა.

„როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ასეთი ტიპის მშვიდობიან აქციებს უპირისპირებს ძალას. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი, კონსტიტუციური პროტესტი. ჩვენ მცხეთაში ჩავალთ მშვიდობიანი მსვლელობის მიზნით. ისევე, როგორც არც ერთ სხვა შემთხვევაში არ გამოგვიყენებია ძალა, ზუსტად ასევე იქნება დღესაც – თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ ამას თავისი „ტიტუშკები“ დაუპირისპიროს, ეს იქნება კანონდარღვევა, მაგრამ ეს არ გაგვაჩერებს, რომ მომავალში ისევ მშვიდობიანად ვაპროტესტოთ ის ამაზრზენი ნაბიჯი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მოახდინოს საზოგადოებაში დაპირისპირების იმიტირება ან მართლა შექმნას დაპირისპირება.

„ორივე არის ძალიან სახიფათოა. დაპირისპირების იმიტირებას მართლა მოჰყვება ხოლმე რეალური საზოგადოებრივი დაპირისპირება. ამის საფუძველი და წინაპირობა დღეს არ არსებობს, ისინი ვინც აპროტესტებენ მოქმედებენ ექსკლუზიურად მშვიდობიანი მეთოდებით და რასაც სახელმწიფო აკეთებს არის ის, რომ ისინი აკავებენ პროტესტში ჩართულ ახალგაზრდებს და არ აკავებენ არც ერთ მოძალადეს.

ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი, რომ ივანიშვილმა დაყო საზოგადოება თავისიანებად და სხვისიანებად, თავისიანებს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ და სხვისიანებს აკავებს მშვიდობიანი პროტესტის გულისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთდ მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე – ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეშიო – ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ