სერგი კაპანაძე – ირაკლი კობახიძე ან რეალობასაა მოწყვეტილი, ან რეალობას იცნობს, მაგრამ ასე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს

ირაკლი კობახიძე ან რეალობასაა მოწყვეტილი, ან რეალობას იცნობს, მაგრამ ასე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. სხვა ამოცანა მას ამ წუთში არ გააჩნია, მისი დღის წესრიგი არის ივანიშვილისთვის ხელისუფლების შენარჩუნება და თავისი თავის გადარჩენა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “გრასის” დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს 20 ივნისს გამართულ აქციაზე 160 ათასი ადამიანი გამოვიდა და 10 ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც აქციის ორგანიზატორებს შეუძლიათ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, აქამდე გამართულ აქციებთან შედარებით, 20 ივნისს, თბილისში გამართულ აქციაზე ალბათ ყველაზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის მართვას და მოსახლეობის დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანას პროპაგანდით და ტყუილებით ცდილობს.

„ბატონი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ეს ხელმძღვანელობა დიდი ხანია რეალობას მოწყვეტილია. ის რაოდენობა ადამიანების, რომელიც 20 ივნისს იყო გამოსული, ალბათ ყველაზე მეტია იმ აქციაზე, რაც თბილისში გამართულა და თუ ყველაზე მეტი არ იყო, მაშინ ყველაზე მეტთან ახლოს იყო. 10 ათასი ადამიანი არის იმაზე ალბათ 10-ჯერ და მეტჯერ ნაკლები, ვიდრე იქ იყო და ეს შეუძლებელია მან არ იცოდეს. ასევე, ფაქტია, რომ 20 ივნისს პარტიებს ხალხი არ მოუყვანია. გაბრაზებული ხალხი თავისით გამოვიდა. კობახიძემ ეს კარგად იცის, მაგრამ ის ახლა არის იმ მდგომარეობაში, რომ მარტო ტყუილით და პროპაგანდით შეუძლია, ხელისუფლება შეინარჩუნოს,“ – განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის შეფასებით, კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება და შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია, პროპაგანდის ნაწილია.

მისი თქმით, ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებს, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსის მიუღებლობით არაფერი შეცვლილა.

„ევროკავშირში გაწევრიანებას შეიძლება მართლა 10 წელი დასჭირდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ისტორიული შანსი გაგვიჩნდა, რომ საქართველო „ტრიოს“ ფარგლებში დარჩენილიყო და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიეღო, ეს შანსი ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა. ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გაუშვა ხელიდან, რომ სასწორის მეორე მხარეს მათთვის ხელისუფლების შენარჩუნება, ძალაუფლების განმტკიცება და ავტორიტარიზმის გაძლიერება იდო. გვარამიას დაჭერით, პოლიტიკური რეპრესიებით, მედიის წინააღმდეგ შეტევებით მათ ეს შანსი ბოლომდე გააქრეს. ამაში არიან ეგენი დამნაშავეები და პასუხისმგებლები. თორემ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენი ხანი დასჭირდება, ეს მომავლის საკითხია და ამ დისკუსიაში რელევანტური არ არის. ესეც არის პროპაგანდის ნაწილი, როდესაც „ქართული ოცნება“ იყენებს, რომ თითქოს არაფერი შეცვლილა, იმიტომ, რომ მაინც გრძელვადიანია პროცესია და რა უჭირს ახლა თუ უკან ჩამოვრჩით. უჭირს ის, რომ შეიძლება ასეთი ისტორიული შანსი მეორე აღარ გვქონდეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა სანქცირებული ტვირთი საქართველოში
შემდეგი სტატიაახალი დარტყმა ზმეინის კუნძულზე