სერგი კაპანაძე – იმაზე მარჩიელობა, დაძინებამდე ივანიშვილმა რა დაავალა სასამართლოს, უმადური საქმეა

თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ამასთანავე, მისი განმარტებით, ნიკა მელიას საქმე არის სრულად პოლიტიკური საქმე და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც პოლიტიკურად მიიღება, ამიტომ ძნელია იმის პროგნოზირება, რას გამოაცხადებს სასამართლო.

„ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე, შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე მიიღება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, იმაზე მარჩიელობა, გუშინ ღამე დაძინებამე ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაავალა სასამართლოს, არის სრულიად უმადური საქმე. მე მგონია, რომ თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული. ვნახავ, რა იქნება გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია დიდხანს ციხეში არ იქნება. ახლა იქნება, ხვალ იქნება თუ რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ, ის აუცილებლად გათავისუფლდება,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ამ მიმართულებით არის სრულიად მკაფიო და ცალსახა – ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენა არის სრულიად შეუძლებელი.

„ჩვენ ვიცით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არის უკიდურესად მკაცრი, პრაქტიკულად, ორაზროვნება არ ყოფილა ამ განცხადებებში, ყველა ამბობს, რომ ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენა არის სრულიად შეუძლებელი. ზოგადად, ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პოლიტიკური პატიმრები და ამ პოლიტიკური პროცესის ფარგლებში მათ გათავისუფლებაზე მიმდინარეობს საუბარი. რადგანაც ეს ხელისუფლება იქცევა ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან და არა ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, მათ შეიძლება ნებისმიერი რამე გადაწყვიტონ, იმიტომ, რომ ივანიშილისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, ვიდრე ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების მოწონება დაიმსახუროს ან ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები,“- განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო – მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს