სერგი კაპანაძე : გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან, შემდეგ დავიბარებთ ყველას, ვისაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან ჰქონდა შემხებლობა

დღეს მასალები შემოვიდა სასამართლოდან. უახლოეს ხანში ასევე ველოდებით მასალებს შინაგან საქმეთა სასამართლოდან, შესაბამისად საგამოძიებო კომისიამ უკვე დაიწყო მასალების გაცნობა, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კომისიის სხდომა ოთხშაბათს გაიმართება, სადაც გამოქვეყნდება კომისიის სხდომების გრაფიკი და შემდეგი კვირიდან სხდომები ყოველდღიურად გაიმართება.

„სხდომებზე დავიბარებთ უკვე კონკრეტულ ადამიანებს. ოთხშაბათსვე გამოვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც შემდეგ კვირაში იქნებიან დაბარებულები და ვისაც ახსნა-განმარტებების მოცემა მოუწევთ. პირველ რიგში, გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან. ამის შემდეგ უკვე გვექნება შეხვედრები, როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ დავიბარებთ ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა და არც ერთი თანამდებობის პირი, ყოფილი თუ მოქმედი, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, ან ყოფილიყო, არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა – კუპრავა
შემდეგი სტატიაპროკურატურა მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე განცხადებას ავრცელებს