სერგი კაპანაძე : გუშინ ვნახეთ, როგორ დატოვეს საპატიმროში ქვეყანაზე შეყვარებული ორი პატრიოტი და პროფესიონალი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა

გუშინ ვნახეთ სრულიად წარმოუდგენელი რამ, როგორ დატოვეს საპატიმროში ქვეყანაზე შეყვარებული ორი პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი დარტყმა არამარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე, არამედ მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპუტაციასა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ორი ქვეყნის მოყვარული ადამიანის დაჭერა არჩევნების შემდგეგ უნდა იქნას გამოძიებული და ყველა უნდა იყოს დასჯილი, ვინც ამ უკანონო გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ სრულიად წარმოუდგენელი რამ, როგორ დატოვეს საპატიმროში ორი ქვეყანაზე შეყვარებული, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. დატოვეს საპატიმროში ისეთი აბსურდული ბრალდებით, რომელსაც არ გააჩნია, არათუ იურიდიული შინაარსი, არამედ არანაირი მორალური ასპექტი საერთოდ. დატოვეს პატიმრობაში ერთადერთი მოტივით, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები მოიყვანოს სისრულეში და ისევ და ისევ, წინასაარჩევნოდ, გაუგებარი რამ დააბრალოს წინა ხელისუფლებას.

ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამ იურიდიული თვალსაზრისით და არის ძალიან დიდი დარტყმა არამარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე, არამარტო ამ ადამიანების მიერ გაკეთებულ საქმეებზე, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპუტაციასა და ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე დავით გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში და ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.

ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ შეუძლიათ კიდევ ერთხელ ითანამშრომლონ რუსეთთან, ითანამშრომლონ ისეთ ძალებთან, რომელთა ინტერესიც არის საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და რუსეთის გაძლიერება საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს თემა თავიდან დაძრა „პატრიოტთა ალიანსმა“, ეს არის გამოძიება, რომელიც ეფუძნება რუსეთიდან მიღებულ სრულიად გაუგებარ მასალებს, რომელთაც არანაირი იურიდიული შინაარსი არ გააჩნია და რის გამოც ადამიანის დაპატიმრება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც „ამ იურიდიულ აბსურდში“ მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად იქნება დასჯილი.

„ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ აქვე საზოგადოებას და ამ ორ ადამიანს ვპირდებით, რომ არავითარ შემთვევაში ამ არჩევნების შემდეგ ისინი ციხეში არ იქნებიან, გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ იურიდიულ აბსურდში, ამ უნამუსო გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად იქნება დასჯილი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მომხრე, რომ არ იყოს შურისძიება და პოლიტიკური დევნა, მაგრამ ეს საკითხი სცილდება შურისძიების თემას და პოლიტიკურ თემას და არის კონკრეტული საკითხი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ორი უდანაშაულო ადამიანის, ორი პატრიოტის გაწირვა.

არავითარ შემთხევაში არ შეიძლება, რომ ვინც ეს გააკეთა, დარჩეს დაუსჯელი და ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ყველაფერს ვიზამთ, მას მერე, რაც მოხდება ხელისუფლების შეცვლა და გარდამტეხი ცვლილებების ეპოქა და ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება, რომ დაძლეული იყოს ეს კრიზისი, ამ ორი ადამიანის საკითხი იქნება გადაჭრილი და ისინი ძალიან მალე გამოვლენ გარეთ და ყველა ვინც ამ გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, იქნება დასჯილი“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება