სერგი კაპანაძე : გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის, რომ ხელისუფლებასა და მათ შორის შეხვედრები გაგრძელდეს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, როცა ერთპარტიული პარლამენტი უკვე გაფორმდა, სწორედ ვადამდელი არჩევნებია.

„გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს შეხვედრები გაგრძელდეს და ვისაუბროთ ახალი არჩევნების დანიშვნაზე. კარგად უნდა ხვდებოდეს ხელისუფლება, რომ ახლა, როდესაც გაფორმდა ერთპარტიული პარლამენტი, ერთადერთი გამოსავალი რჩება სწორედ ვადამდელი არჩევნები, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აქტუალური გახდება ეს საკითხი, ამიტომ, მათივე ინტერესში უნდა იყოს, რომ მალევე განიმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ ის რეალობა უკვე შევქმენით, რომლისაც მათ არ სჯეროდათ, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნებოდა, მაგრამ არის უკვე ერთპარტიული პარლამენტი, ყველა იურიდიული დეტალი ამ დღეებში მივა ბოლომდე და გაფორმდება ჩრდილო კორეული მმართველობის სტილი.

ეს რამდენად აწყობს ივანიშვილს, უნდა გადაწყვიტოს მან და თუ აწყობს, მაშინ კი ბატონო, ტოტალიტარიზმის გზაზე დადგება და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება შიგნიდანაც და გარედანაც და ახლა რომ ჰგონიათ, რომ ჩვენი პარტნიორებისაგან დიდი მხარდაჭერა აქვთ, არ ექნებათ ნამდვილად, მაგრამ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი იქნება