სერგი კაპანაძე : „ევროპული საქართველოს“ გეგმას შეუძლია, მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძის გაცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სიღარიბე შემცირებულიყო და რვა წლის განმავლობაში მხოლოდ წინა ცხრა წელზე საუბრობდა.

კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რათა ქვეყანა გამოიყვანის მძიმე კრიზისიდან და სწორედ „ევროპული საქართველოს“ გეგმას შეუძლია, მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

„საინტერესო განცხადებაა, ივანიშვილს თვითონ ჰყავს თავის გუნდში ის ადამიანები, რომლებიც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს. სიღარიბე ობიექტური რელობა შეიძლება იყოს, მაგრამ, მან რა გააკეთა იმისთვის, რომ სიღარიბე ყოფილიყო დაძლეული, ეს არის მთავარი კითხვა.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რვა წლის თავზე, მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, არამედ პირიქით გაიზარდა. მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირიქით, ამ რვა წლის განმავლობაში, წინა ცხრა წელზე საუბრობდა.

ამიტომ, ძალიან მარტივი არის გამოსავალი, ყველას ესმის, რომ ივანიშვილი სიღარიბეს ვეღარ დაძლევს, არ იცის, ეს როგორ გააკეთოს, განსხვავებით „ევროპული საქართველოსგან“, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებები როგორ მოახდინოს, მათ შორის სიღარიბე როგორ დაიძლიოს, საშუალო ხელფასმა როგორ აიწიოს 2000 ლარამდე, 100 000 სამუშაო ადგილი როგორ შეიქმნას, გადასახადები როგორ შემცირდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოვითხოვდით, რომ გადასახადები შეემცირებინათ, რათა ხალხს მეტი ფული დარჩენოდა და კატეგორიულ უარს ვიღებდით. ახლა, რაც არ უნდა აბრალოს ცხრა წელს და ქვემეხებს რუსთაველზე, ყველამ კარგად გაიგო, რომ თავი და თავი არის თვითონ, მილიარდერი ივანიშვილი“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისანამ ეს ორი ადამიანი ერთი მეორეს უმტკიცებს, რომ ის არის უფრო მაგარი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში, სწორედ ეს ჩანს კლიპში – სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა