სერგი კაპანაძე – ჩვენ ვართ ერთ ადგილზე ბოლო წლების განმავლობაში და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ ნატო რეალობა გახდეს მომავალში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში ჩანს როგორც მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ასევე ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიის კუთხით აქვს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ერთ ადგილზეა გაჩერებული და ეს უნდა შეიცვალოს, თუ ქვეყანას სურს, რომ ნატო რეალობა გახდეს.

„ნატოს გენერალური მდივნები უკვე ბევრი წელია აკეთებენ მსგავს მხარდამჭერ განცხადებებს და ეს ძალიან კარგია, ანუ გენერალური მდივნების დონეზე, ნატოს დონეზე, საქართველოს მხარდაჭერის ეროზია არ მომხდარა.

თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემა, საქართველო ამ ბოლო წლების განმავლობაში არ არის იმ ფორმაში, რომ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა ჩათვალონ, რომ საქართველოს გაწევრიანებისათვის მათ რაიმე დამატებითი ძალისხმევა უნდა გაიღონ.

აქ იგულისხმება როგორც რეფორმების მხრივ რეგრესი, რაც იკითხებოდა გენერალური მდივნის განცხადებაში, ასევე იგულისხმება, ზოგადად, დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერთ ადგილზე ბოლო წლების განმავლობაში და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნატო რეალობა გახდეს მომავალში.“ – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა ნატო-ს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა, რაც პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას გულისხმობს. ამის შესახებ სტოლსტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს უაღრესად ღირებული პარტნიორია და ეს პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს ხდის.

ამასთანავე, სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღზე სპეკულაცია არ სურს, თუმცა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების 600 000 ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატიალილუაშვილი – ბიუჯეტის ფინანსური რესურსები მიმართული იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე