რუსეთმა 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა. მისი თქმით, მოსკოვმა არაერთგზის განაცხადა, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.
„ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, – თქვა შამბამ ბრიფინგზე.
მედიის ცნობით, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას აპირებს, სანამ “აფხაზური მხარე” შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:
– ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
– რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
– რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).
ამასთან, ოკუპანტი ქვეყანა აპირებს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ “აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან” კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.