სერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან გაემგზავრონ თბილისში, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება

რუსეთის დუმის წევრი და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოკუპაციის კანონის მიუხედავად, მაისში საქართველოს მთავრობა რუსეთის დელეგაციას მიიღებს.

სერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან გაემგზავრონ თბილისში, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება. გავრილოვმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უსერიოზულესი სიგნალი უწოდა, რომელიც მოწმობს იმას, რომ საქართველო დემოკრატიის პრინციპების ერთგულია და ექსტრემისტებისგან მომავალი საფრთხე განეიტრალებულია.

“როგორც ჩანს საქართველო მზად არის რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების იუბელეა. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ ომში დაღუპულ ყველა გმირს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველო ყოველთვის მრავალნაციონალური ქვეყანა იყო, რუსები, სომხები, ქურთები, აფხაზები აქ ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო კვლავ იქნება მრავალნაციონალური და კეთილგონიერი სახელმწიფო”, – განაცხადა გავრილოვმა.

მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს. ამ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციას, სავარაუდოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

გასული წლის ივნისში თბილისში გამართული საერთაშორისო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის სხდომას სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე სხდომა ჩაიშალა.

რამდენიმე საათში საქართველოს პარლამენტის წინ მომხდარის გასაპროტესტებლად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიკრიბა. იმავე საღამოს საქართველოს მთავრობამ მშვიდობიანი მიტინგის დარბევა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კეკელიძე: მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი უმწვავესი წერილი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტიდან