ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა ნახევარკუნძულზე არსებულ საწვავისა და ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაყიდვაში საწვავის დიდი მოცულობის შემოსვლა არ იგეგმება.
აქსიონოვი ასევე გამოეხმაურა მოსახლეობის საჩივრებს დენის უსამართლო განაწილების შესახებ და აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოწინააღმდეგის ქმედებებითა და ქვესადგურების ტექნიკური მდგომარეობით არის განპირობებული.
„გრძელდება მუშაობა საწვავის კრიზისის ლიკვიდაციისთვის. სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში საწვავის დიდი მოცულობა გაყიდვაში არ შემოვა… ვხედავ ყირიმელებისგან შემოსულ მრავალრიცხოვან საჩივარს ელექტროენერგიის უსამართლო განაწილების შესახებ. აქ, სამწუხაროდ, თავისი როლი ითამაშა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ფაქტორმა და ცალკეული ქვესადგურების ტექნიკურმა მდგომარეობამ“, — აცხადებს აქსიონოვი.
მისივე განმარტებით, შექმნილია სპეციალური ოპერატიული შტაბი და მუნიციპალური ბრიგადები, რომლებიც რამდენიმე დღეში შეეცდებიან ელექტროენერგიის განაწილების დარეგულირებასა და სიტუაციის ნორმალიზებას.
















