სერგეენკოს პასუხი ზურაბიშვილს: გაჭირვებული ოჯახების აღწერა ისედაც მიმდინარეობდა

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს და ამბობს, რომ გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა:

“ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა. სოციალური დახმარებების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრეზიდენტმა განცხადება გუშინ გააკეთა და ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყოს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა:

„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას. მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს, ამიტომ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : საპენსიო ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში
შემდეგი სტატია“ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ” – კაკულია დაგროვებით პენსიაზე