სერგეენკო – წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რომ დაბრუნდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას სერგეენკომ აღნიშნა, რომ „არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს“.

„ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან. სტაბილური იყო თუ არა მისი მდგომარეობა, ამაზე უამრავი ადამიანი აკეთებს განცხადებას, მათ შორის პროცენტულად ბევრად მეტია, ვინც არ არის ექიმი. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს განცხადება და დამიჯერეთ, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა აცალონ თავისი საქმის გაკეთება. რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჰუმანურად ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტო პირველიდან 9 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს
შემდეგი სტატიაასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს