სერგეენკო – არ მგონია, „ქართულ ოცნებაში” სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები გამოჩნდნენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გიორგი გახარია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. როგორც სერგეენკო ამბობს, პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გახარიას განცხადება საყურადღებოა.

ამასთან, სერგეენკოს არ ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში” სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები გამოჩნდებიან.

„რაიმე სახის მხარდაჭერაზე საუბარი ნაადრევია და არ მგონია, „ქართულ ოცნებაში” გამოჩნდნენ სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამის პრეცედენტები გვქონია.

გახარიას გადაწყვეტილებაზე რა უნდა თქვა? – უდავოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი. მისი განცხადება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მაგრამ როგორც თქვა, მეტ განმარტებას გააკეთებს და რაღაც ხედვას ჩამოაყალიბებს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, საქართველომ ევროპის გზაზე უნდა იაროს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა – ამ დრომდე შესაბამისი სამსახური არ მისულა
შემდეგი სტატიაკახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო