ისრაელის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინურ სოფელზე განხორციელებულ თავდასხმასთან არიან კავშირში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა ერთ-ერთ ადგილობრივზე სექსუალურად იძალადეს.
ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი გასულ ღამეს მოსამართლის ბრძანებით გაათავისუფლეს, სხვები კი პატიმრობაში მინიმუმ ოთხშაბათამდე დარჩებიან.
იორდანიის ველის ჩრდილოეთით მდებარე ბედუინთა დასახლება ხირბეთ ჰუმსაზე თავდასხმა 13 მარტს, გამთენიისას მოხდა, როდესაც აგრესიულად განწყობილი მოსახლეების (სეტლერების) ჯგუფი სახლებში შეიჭრა და მაცხოვრებლები გარეთ ძალის გამოყენებით გაიყვანა.
სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელებმა ადგილობრივები შებოჭეს, სასტიკად სცემეს და ერთ-ერთი მსხვერპლის მიმართ „უხამსი ქმედებები“ ჩაიდინეს.
ამერიკელმა აქტივისტმა, რომელიც შემთხვევის მოწმე გახდა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოცემა Haaretz-ს განუცხადა, რომ თავდამსხმელებმა „პალესტინელ მამაკაცს შარვალი გახადეს, წყალი გადაასხეს და მიწაზე დაგდებულს სასტიკად სცემეს“.
„მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ ემბრიონის პოზაში მოკუნტულიყო და ეყვირა, როდესაც ხელკეტებით ურტყამდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს“, — იხსენებს ის.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა დააზიანეს და მოიპარეს სოფლის მაცხოვრებლების ქონება, მათ შორის დიდი რაოდენობით პირუტყვი (ცხვარი). რამდენიმე ადგილობრივმა დაზიანებები მიიღო, მათგან ოთხს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თავდასხმას დასავლეთ სანაპიროს ოლქის საგამოძიებო და დაზვერვის განყოფილება „სხვა უსაფრთხოების უწყებებთან ერთად“ სწავლობს. Haaretz-ის ინფორმაციით, გამოძიებაში ჩართულია ისრაელის უსაფრთხოების სამსახური „შინ ბეთი“ (Shin Bet).














