სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მას შემდეგ, რაც ერთად ვიმოგზაურეთ საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ვიხილეთ ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიის გაღრმავება. მაშინ, როდესაც ქართველები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სენატორები აღნიშნავენ, რომ წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციის გასაღრმავებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„კარგად ჩატარებული არჩევნები სამომავლოდ ამ მონაპოვრის კონსოლიდაციას მოახდენს და იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის დემონსტრირება“, – აცხადებენ სენატორები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გამო, დამკვირვებელთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს, ადგილზე დააკვირდეს საარჩევნო პროცესს.

„აშშ და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები პროცესებს ყურადღებით დააკვირდებიან. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ეს რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს“, – ნათქვამია სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ბუბა კიკაბიძის სიმღერის დროს ფონოგრამა შეეშალათ, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ