სენაკში სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2020 15:24

სენაკში სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა ალექსანდრე ჯანჯღავამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, როგორიცაა: თითოეული საბავშვო ბაღისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის, აღსაზრდელთა გადანაწილებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, ასევე აღსაზრდელების მშობლებისთვის ამ წესების გაცნობა.

ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების გამგეები, აღმზრდელ-მასწავლებლები, ექთნები, მზარეულები.

სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის ალექსანდრე ჯანჯღავას თქმით, გაერთიანებამ დაიწყო მუშაობა კოვიდ 19-ის პრევენციის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად, ასევე ინფრასტრუქტურის შესაბამისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, რათა სააღმზრდელო პროცესის განახლების მომენტიდან დაცული იყოს აღსაზრდელების, მშობლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

სენაკის მუნიციპალიტეტის ოცდაშვიდივე საბავშვო და ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში წყალმომარაგების სისტემის და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ N4 საბავშვო ბაღს აშენებს.

ამავე პროექტის ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ახალი სააღმზრდელო წლიდან აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალ სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.

სენაკში ასევე იგეგმება მეშვიდე საბავშვო ბაღის მშენებლობა.

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2020 15:24