«სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება… ვერავინ გათვლის, კარიერის გახსნა რა კატაკლიზმებს გამოიწვევს»

«სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება... ვერავინ გათვლის, კარიერის გახსნა რა კატაკლიზმებს გამოიწვევს»

13530578_1140209642669202_1663073718_n«სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლებავერავინ გათვლის, კარიერის გახსნა რა კატაკლიზმებს გამოიწვევს»

 

11 ათას ლარად გაყიდული «ეკის მთა», დაანონსებული ცემენტის ქარხანა და  ჯერ კიდევ გაუცემელი გარემოზე ზემოქმედების ნებართვ

 

 «ვერსიის»  საგამოძიებო ბიურო აგრძელებს სტატიების ციკლს, რომელიც  სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოტიანეთსა და ნოსირში, მიმდინარე ცემენტის კლინკერის ქარხნის მშენებლობასა და კირქვის საბადოს ამოქმედებას შეეხება.  ქარხანა ოფიციალურად უკვე გაიხსნა; უფრო სწორად, მშენებლობა დაანონსდა, თორემ იმას, რაც სოფელ ნოსირში ვნახეთ, ქარხნის გახსნასთან საერთო არაფერი აქვს _ 57 ჰა მიწის ფართობზე, რომელიც ცეზარ ჩოჩელის შვილის კომპანიას, პროგრამა «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში, მასზე დამაგრებული შენობანაგებობებიანად 1 ლარად გადასცეს, ჯერ ქარხნის ჩანასახიც არ ჩანს. შესაბამისად, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა დრო დასჭირდება ჩოჩელის «ჩინური ოცნების» ასრულებას _ ალბათ მინიმუმ 3-5 წელი. თუმცა დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს _ დღევანდელი ჩვენი სტატიის მიზანი იმის გარკვევაა, რა გავლენას მოახდენს სოფელ ნოსირში ცემენტის ქარხნის მშენებლობა გარემოზე, დააყენებს თუ არა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე სენაკის მუნიციპალიტეტს, ზოგადად, კოლხეთის დაბლობს და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას.

სხვათა შორის, ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი სწორედ იმაზე ფიქრია, რა ბედი ელის მათ ეზო-კარს, სასმელ წყალს, ნათესებს და ჰაერს. ამ კითხვებზე მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები რომ არ აქვთ, ამიტომაცაა რომ მოსახლეობა სამთავრობო კომისიის შექმნასა და ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს, რაც ლოგიკური და საუკეთესო გამოსავალი მართლაც იქნება, მით უმეტეს, რომ ამ პროექტში, არაერთი საეჭვო დეტალია; მაგალითად ის, რომ ვერსიის, კულუარული ინფორმაციით, ჩოჩელს «ჩინური ოცნების კოშკი» ამავე მთავრობის პირობებში ერთხელ უკვე დაუნგრიეს _ დაახლოებით წელიწადნახევრის  წინ, ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხმა მთავრობის სხდომაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ნაციონალ ექსდეპუტატს «ოცნების» მთავრობამ უარი უთხრა ნოსირში ყოფილი რკინა-ბეტონის ქარხნისა და მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემასა და ამ ადგილას ცემენტის ქარხნის აშენებაზე. უარიდან დაახლოებით ერთ წელში, 2015 წლის 13 ოქტომბერს კი, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის განკარგულებას, რომლის საფუძველზეც პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად, შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიას» (ჩოჩელის შვილის კომპანია) ნოსირში ხსენებული მიწის ფართობი გადასცეს შენობა-ნაგებობებიანად. ხელმოწერიდან ძალიან მალე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. რატომ შეიცვალა წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ღარიბაშვილმა პოზიცია? როგორც «ვერსიას» სამთავრობო კულუარებში უთხრეს, ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერს, ეს დოკუმენტი წასვლის წინ უბრალოდ «შეაპარეს». თუმცა ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი მეორე ვერსიაა _ მთავრობის წარმომადგენლები საქმის კურსში არ ჩააყენეს, რა პრობლემები შეიძლებოდა გამოეწვია სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობას, მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ ინვესტორი ფულს ჩადებდა, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტსაც წაადგებოდა და ადგილობრივებიც დასაქმდებოდნენ. პარალელურად, აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ ნაციონალი ბიზნესმენისთვის ხელშეწყობა, იმის დემონსტრირება იქნებოდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, წინამორბედისგან განსხვავებული კურსი აირჩია, ბიზნესი თავისუფალია და ადამიანებს იმის მიხედვით არ უქმნიან პრობლემებს, როდის რომელი პარტიის ინტერესების გამტარებელი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ ისიც დაეხმარა, რომ მანამდე ორი თვით ადრე, 2015 წლის 27 აგვისტოს, შპს «ქართული სამშენებლო მასალების კომპანიაზე», საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე ოფიციალურად იყო გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. «ვერსიამ» გარემოს დაცვის სამინისტროსგან შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთთან, ჯამში, 6 მილიონ 210 000 ტონა კირქვის მოპოვებაზეა ნებართვა გაცემული. საინტერესოა ის, ლიცენზიას ხელს «გაურკვეველი» პირი აწერს. სახელი და გვარი არ არის გარკვევით დაწეროლი. ხელმოწერით კი, შეუძლებელია ამის დადგენა. ხელმოწერის გასწვრივ, არც ხელმომწერის სტატუსია დაკონკრეტებული. უბრალოდ, წერია, რომ დოკუმენტს ხელს აწერს «გარემოს ეროვნული სააგენტოს» უფლებამოსილი პირი. ასე რომ, პასუხისმგებლობა ლიცენზიის გაცემაზე, კონკრეტულად ვის ეკისრება, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მისაღებად, კანონის ფარგლებში, 2014 წლის 17 ნოემბერს, აუქციონი გაიმართა. ლოტის საწყისი ფასი 10 ათასი ლარი იყო. 6-საათიანი «ვაჭრობის» შემდეგ კი, ლოტი 11 ათას ლარად გაიყიდა და ლიცენზიით სარგებლობის ვადა 20 წლით განისაზღვრა. ლიცენზიის გასაცემად აუქციონი რომ უნდა ჩატარებულიყო, ეს უდავოა. თუმცა, თვითონ პროცესი, ექსპერტებში ეჭვებს აჩენს. ეს თითქოს იმის დასტურია, რასაც წლებია კულუარებში მუდმივად ლაპარაკობენ _ აუქციონებს ამ ქვეყანაში, უბრალოდ, ფორმალური დატვირთვა აქვს, თორემ, ისედაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულიაო. თუ ასე არ არის და თუ წინასწარ გარიგებასთან არ გვაქვს საქმე, მაშინ: რატომ გაგრძელდა აუქციონი მხოლოდ 6 საათი და რატომ არ გაიმართა სერიოზული ვაჭრობა? აუქციონის მიმდინარეობის დოკუმენტში, რომელიც «ვერსიას» ხელში ჩაუვარდა, შავით თეთრზე წერია, რომ საწყისი ფასი 10 ათასი ლარი იყო (საინტერესოა, ეს თანხაც როგორ დაანგარიშდა და საერთოდ, რა ფასი აქვს ამ ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულს? თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან სხვა კითხვებიც დაგროვდება, რომელსაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ შემოგთავაზებთ და ამ პერიოდში იმასაც გავარკვევთ, ვინ აწერს ხელს ლიცენზიას) და აუქციონის დასრულებამდე, ფასი მხოლოდ ერთი ბიჯით (1000 ლარი) გაიზარდა. თუ ვამბობთ, რომ კოტიანეთთან, დალუქული კირქვის საბადოს გახსნასა და ნოსირში ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში ინვესტიციის შემოდინება და ბიუჯეტის შევსებაა, რატომ არავინ იზრუნა იმაზე, აუქციონზეც, ლიცენზია მაქსიმალურ ფასად გაყიდულიყო. ეს ის ლაბირინთია, რომელში გარკვევაც ამ ეტაპზე ჭირს. სამაგიეროდ, დღესავით ნათელია, რომ ღარიბაშვილის ხელმოწერით, «ოცნების» მთავრობამ «წვანე შუქი» ჩოჩელს აუნთო, ჩოჩელმა _ ჩინელებს და ამ დროს, თითქმის არავის გახსენებია არც გარემო, არც ეკოლოგია, არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც ის, რომ ჯერ კიდევ კომუნისტებმა თქვეს ამ ადგილზე ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე უარი და ის კარიერიც, რომლიდანაც, ცემენტის მისაღებად საჭირო კირქვა ჩინელებმა ნოსირში უნდა ზიდონ, დააკონსერვეს.

კომუნისტებს სერიოზული მიზეზი რომ არ ჰქონოდათ, მსგავს პროექტს არ გააჩერებდნენ. მიზეზების ძებნისას, «ვერსია» ერთ საინტერესო ინფორმაციას წააწყდა _ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა ამავე ტერიტორიაზე კარიერის გახსნა იგეგმებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტს დამცველად გამოუჩნდა და პროექტს წინ აღუდგა წარმოშობით სოფელ ეკის მკვიდრი, ტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ლაბორატორიის ინჟინერლაბორანტი ჯულიეტა ადამია. მისი შეუპოვარი ბრძოლის შედეგად პროცესში ჩაერთო ტაშკენტის ლაბორატორიაც, რომელმაც საბოლოოდ დადო დასკვნა: «რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელების სიხშირეს, რის გამოც ეკის მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა წყლებითაც. აღსანიშნავია ასევე თერმული, მინერალური და კარსტრული მტკნარი წყაროებიცეკის მთაც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც, ფაქტობრივად, დგას ტბაზე და ხელოვნურად, თუნდაც ერთი ლოდის ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, შეიძლება მთაზე ბუნებრივად უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც არა მხოლოდ სენაკის რაიონს, არამედ საერთოდ კოლხეთის დაბლობსაც დააზარალებს».

«ვერსია» შეეცადა, ჯულიეტა ადამიას დაკავშირებოდა. არცთუ მარტივი ძიების შემდეგ, გავარკვიეთ, რომ ქალბატონი ჯულიეტა შეუძლოდ იმყოფება. მან ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო, თუმცა მისმა ახლობლებმა დაგვიდასტურეს, რომ ქალბატონი ჯულიეტა მართლაც თავგამოდებით იბრძოდა აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ, სწორედ მან ჩართო საქმეში ტაშკენტის ლაბორატორია, ამ უკანასკნელმა კი, მართლაც ასეთი დასკვნა დადო. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ტაშკენტში ოფიციალური წერილები და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში, ხელმისაწვდომი იქნება დოკუმენტი, რომელიც, ვფიქრობთ, საკმარისი საფუძველია იმისთვის, სამთავრობო კომისია შეიქმნას და სპეციალისტებმა, ხელახლა გამოიკვლიონ, ამ ტეტოტორიაზე კირქვის მოპოვებამ რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს.

ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნის მოლოდინში, «ვერსია» საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პაატა გიორგაძეს დაუკავშირდა. იმის გარკვევა გვინდოდა, წყლის რა მარაგია სენაკის მუნიციპალიტეტში და სოფელ კოტიანეთთან კირქვის საბადოს გახსნამ, შეიძლება თუ არა გარკვეული პრობლემები შექმნას. ბატონი პაატას შეფასება, ფაქტობრივად, ტაშკენტის დასკვნის იდენტურია. პაატა გიორგაძე: «საქართველოში არსებული ბუნებრივი სასმელი წყლის მარაგები, რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც, უნიკალურია. ასეთი, 600-მეტრიან შრეებში, ბუნებრივად აკრეფილი, სიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალები, თითქმის 100-ზე მეტი პარამეტრებით, არც რუსეთს აქვს, არც ავსტრიას, არც ინგლისს, არც ამერიკას. ჩვენ გვაქვს ასეთი სიმდიდრე და ამას ვუქმნით პრობლემას? წყლის მარაგისთვის უმნიშვნელოვანესია ტყე, ამიტომ ტყის ფართობების აღგენაგანახლება უნდა იყოს აყვანილი სახელმწიფო დონეზე. სენაკში თუ კირქვის მოპოვებას იწყებენ, პრობლემები, რა თქმა უნდა, შეიქმნება _ კარიერის ამოქმედება გამოიწვევს მიწის წყლების, გრუნტის ზონის დაწევას და აუზების აბსოლუტურ დეგრადირებას. არადა სენაკში, არაერთი არტეზიული და კარსტრული წყალია. კარიერის ამოქმედება ამ წყლების გაქრობას თუ არა, სხვა ხარისხში გადაყვანას მაინც გამოიწვევს. ეს ყოვლად დაუშვებელია. საქართველო უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ქვეყანა. მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიტანოთ ეს ჩვენი სიმდიდრე, ესაა დღეს ჩვენი ხსნა და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა. რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ნაპოვნია სასმელი წყლის მარაგი და ოფიციალურად აცხადებენ, რომ წყალს უნდა მიხედონ და ამ ფონზე, მათთვის, ნავთობისა და გაზის მოპოვებაწარმოებაც აღარ არის აქტუალური. ეს ბუნებრივია, რადგან ყოველდღიურად, მსოფლიოში, 4,5 მილიარდი ადამიანი, სასმელი წყლის გარეშე რჩება. ჩვენ კი, წყლის ასეთ უნიკალურ რესურსი გვაქვს და თურმე, ამას ვუქმნით პრობლემას? სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება. სენაკი მიწისქვეშა წყლებითაა მდიდარი. კირქვის მოპოვებას თავისი წესი აქვს. ასე არიგებენ ლიცენზიებს? არ დადეს გეგმა, რა საფრთხის წინაშე დადგება რეგიონი? პირადად ჩემი პოზიცია ასეთია, სენაკში კირქვის კარიერის ამოქმედება, პრობლემას შეუქმნის იქ არსებულ წყლებს და ვერავინ გათვლის, რა კატაკლიზმებს გამოიწვევს».

13524022_1140209846002515_224274875_o

სენაკი რომ წყლებითაა მდიდარი და ეკის მთა, მართლაც «წყალზე რომ დგას», ამაში «ვერსია» ადგილზეც დარწმუნდა _ რეპორტაჟის გაკეთებისას, ადგილობრივებს შევხვდით, რომლებიც გვიხსნიდნენ, რომ ამ მთიდან, უამრავი წყარო მოედინება. ეკის ერთმა მკვიდრმა გაგვიმხილა, რომ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, გაარკვია _ თუ ეკის მთას ძირს გამოუთხრიან, მიწისქვეშა წყლები კალაპოტს შეიცვლის, სად შეგუბდება არავინ იცის და მართლაც შესაძლებელია, მიმდებარე სოფლები დატბოროსო.

სოფელ კოტიანეთის მკვიდრი კი, რომელიც კარიერიდან 500-იოდე მეტრში ცხოვრობს, გამოგვიტყდა, რომ საკუთარ ეზოში წერაქვით მუშაობისას, კიდევ ერთი მიწისქვეშა წყალი აღმოაჩინა, რომელსაც დღეს სასმელად იყენებენ. ზოგადად, სოფელ კოტიანეთის მკვიდრები ჭებით სარგებლობენ, ან სასმელად, წყაროს წყალს იყენებენ. ისინი შიშობენ, რომ კირქვის საბადოს გახსნის შემდეგ, ჭაც დაბინძურდება და წყაროც. ექსპერტები კი, წყაროების დაშრობასაც ვარაუდობენ. წყაროს დაშრობის ერთი მაგალითი, კოტიანეთში, კირქვის საბადოსთან ასიოდე მეტრში უკვე ვნახეთ _ საბადოდან სინჯების აღებისას, წყაროს მიწა და ნაგავი მიაყარეს. ერთ დროს კამკამა წყალი, რომელსაც ადგილობრივები სასმელად იყენებდნენ, ტალახისფერი და თითქმის დამშრალი დაგვხვდა. არადა, ჯერ კარიერი არც გახსნილია და არც კირქვის მოპოვებაა დაწყებული.

მიუხედავად იმისა, კირქვის მოპოვებისას, აფეთქებით სამუშაოებს ჩაატარებენ თუ არა, ერთი რამ ფაქტია _ რა მეთოდიც უნდა გამოიყენონ, უნდა მოხსნან მთის გარკვეული ნაწილი, ცხადია, მასზე არსებული ტყის საფარით. ჩემი აზრით, ეს უკვე იქნება ეკოლოგიური კატასტროფა ადგილობრივებისთვის. ახლა ამას ისიც დაუმატეთ, რომ მოპოვებული კირქვა, სოფელ ნოსირამდე მანქანებით უნდა გადაზიდონ. კოტიანეთის გადმოსახვევიდან ნოსირამდე მთავარი ტრასა მიდის, რომლის ორივე მხარეს მოსახლეობაა. მთავარ ტრასამდე, ალტერნატიულ «ხიდს» აკეთებენ. აი ეს გზა კი, მოსახლეობაზე არა, მაგრამ მათი ნათესებისა და საძოვრების მიმდებარედ გაივლის და შესაბამისად, დააზარალებს _ მტვერი საფრთხეს უქმნის ნათესებს, ჰაერს. ამის მაგალითი ჩვენ უკვე ვნახეთ, კასპში, სადაც მიუხედავად იმისა, ცემენტის ქარხანას, ფილტრებიც დაუყენეს, პრობლემები შეიქმნა _ ადგილობრივებში სხვადასხვა დაავადებებმა იჩინა თავი, ნათესები განადგურდა, ქარხნიდან 3-5 კილომეტრის მოშორებითაც კი, ხილ-ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსავალში ისეთი იზოტოპების არსებობა დაფიქსირდა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. მოკიტორინგისას კი, არც ისე დიდი ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცემენტის, კირქვისა და ქვაღორღის გადამამუშავებელი ქარხნების წარმოების შედეგად წარმოქმნილი მტვრის სუნი, ქალაქში შესვლისთანავე იგრძნობა. ამ ფონზე, გასაკვირი არ იყო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გარემოსდამცველების დასკვნით, კასპის ცემენტის ქარხანა, 2010 წელს, საქართველოში, გარემოს ყველაზე მსხვილ დამბინძურებლად დასახელდა. «ვერსია» უკვე იმაზეც წერდა, რომ საქართველოში, ცემენტის ბაზარი გაჯერებულია და დამატებითი წარმოების აუცილებლობა არ დგას. პირიქით, ახალი მოთამაშის შემოსვლით, შესაძლოა, ადგილობრივ ინდუსტრიას პრობლემებიც შეექმნას. ამ ფონზე, რა საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მიწისქვეშა წყლებით, უნიკალური მღვიმეებით მდიდარ სენაკში მაინცდამაინც ცემენტის ქარხნის აშენება, გაურკვეველია.

სამაგიეროდ, ექსპერტებისთვის ისაა გარკვეული, რომ სრული ციკლის ცემენტის ქარხნის ასაშენებლად საჭიროა მინიმუმ 40-50 წლიანი ოპერირების გარანტია. თვალსაჩინოებისთვის, მათ ისევ კასპის ცემენტის ქარხნის მაგალითი მოჰყავთ, რომელიც გასული საუკუნის 30 წლებში აშენდა და დღესაც აქტიურად ოპერირებს. სრული ციკლის ქარხნის ოპერირებისთვის კი, ექსპერტების აზრით, საბადოს გაფართოება და მისი რესურსის რეალურ დონემდე _ 50 მილიონ ტონამდე გაზრდა აუცილებელი გახდება რადგან არსებული ლიცენზია  ჩინელების დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით  ქარხნის 7 წლით ოპერირებას ეყოფა .  ეს იმას ნიშნავს, რომ წლების შემდეგ, ჩინელები კარიერს უფრო და უფრო გააფართოვებენ და საბოლოოდ, შესაძლოა ეკის მთა მთლიანად მოხსნან. დიდი ნიჭი არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ რაც მეტად გაიზრდება კარიერი, მით მეტი იქნება გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება.

13555502_1140209852669181_307498437_o

საქართველოს კანონმდებლობით, «ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება“ ეკოლოგიურ ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას მიეკუთვნება _ ამ ტიპის ქარხნის საქმიანობა უნდა ხდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე. როგორც «ვერსიამ» გარემოს დაცვის სამინისტროში გაარკვია, ჩოჩელის კომპანიას, მსგავსი ნებართვა ჯერჯერობით აღებული არ აქვს: «საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის 20 მაისს შემოსული #9291 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში ცემენტის წარმოების საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა/გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ არის გაცემული».

ჯერჯერობით არც წინასწარ შედგენილი დამუშავების პროექტი არსებობს,  რომელიც წიაღისეულის მოპოვებისთვისაა აუცილებელი. ინვესტორები ამბობენ, რომ ყველა საჭირო პროექტი, ივლისის ბოლოსთვის ექნებათ. აგვისტოში კი, იმედი აქვთ, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას მიიღებენ. აქ არანაირი კანონდარღვევა არაა, რადგან ჯერ არც კირქვის მოპოვება დაწყებულა და მითუმეტეს, არც ქარხანა აგუგუნებულა. ჩოჩელსა და ჩინელებს, ჯერ აქვთ დრო, შესაბამისი პროექტი წარადგინონ. ინვესტორები განმარტავენ, რომ ეს, მოქმედების მომდევნო ეტაპებია. ჩვენ კი, ამ სტატიის დაბეჭდვა, ამ ეტაპების მიღწევამდე შეგნებულად, ერთადერთი მიზეზით გადავწყვიტეთ _ საბოლოო «ნებართვების» გაცემამდე და ცემენტის წარმოების დაწყებამდე, ყველა შესაბამისი მხარე, ვალდებულია ის საფრთხეები განიხილოს, რომლებზეც «ვერსია» წერს, ადგილობრივების პოზიციაც გაითვალისწინოს და არ დაუშვას, ბუნება, ძეგლები და მოსახლეობა დაზარალდეს!

გაზეთი „ვერსია“

 

banner
წინა სტატიაშიქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
შემდეგი სტატია“დემოკრატიული მოძრაობა” თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს