თორია – სენაკში ახალი კოვიდკლინიკა „ლაზიკამედი“ გაიხსნა

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონში ამჟამად ექვსი კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.

„რეგიონში გავხსენით მეექვსე კოვიდკლინიკა, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა „ლაზიკამედი“ სენაკში მდებარეობს და იმ პაციენტებს მოემსახურება, რომელთააც ვირუსის გართულებული ფორმა აქვთ და ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ახალი კოვიდკლინიკის გახსნით, რეგიონში კოვიდსაწოლების რაოდენობა 360-მდე გავზარდეთ“, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებულ ვითარებაზე ესაუბრა და მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.

„არსებული შეზღუდვების შედეგად, რეგიონში გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია, ახალი გამოვლინებები შემცირებულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 90 პროცენტამდე მაინც უნდა ავიდეს, რომ დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება, რაც ეკონომიკური კრიზის დაძლევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამიტომ ყველას უნდა გვქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 199 შემთხვევა გამოვლინდა.

„არსებულ კოვიდკლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 69 ადამიანი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ოთხი კოვიდინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

banner
წინა სტატიაშიგომელაური – მე სად დავაყენებ პოლიციელებს, დავაყენებ შეიარაღებული ავტომატებით თუ პისტოლეტებით, ეგ არავის საქმე არ არის
შემდეგი სტატიამარტვილში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს