სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ დამნაშავედ ცნო 59 წლის ცეკვის მასწავლებელი მამუკა მესხიშვილი, რომელსაც ბრალი 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა. ქორეოგრაფს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში დაზარალებულის ოჯახის წევრი, ლუკა კილასონია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მცდელობამ, ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები „მეგობრულ კონტექსტად“ შეეფუთა, შედეგი ვერ გამოიღო.
„სამი ადვოკატი, უამრავი არგუმენტი და მცდელობა, რომ ბავშვის მიმართ მიუღებელი ქმედებებისთვის რაც შეიძლება „რბილი“ სახელები ეპოვათ… სამმა ადვოკატმაც ვერ შეძლო 11 წლის თავისუფლების აღკვეთის „მეგობრულ კონტექსტად“ გადაქცევა. დღეს სასამართლომ საკუთარი შეფასება გააკეთა. ბავშვის ნდობა სათამაშო არ არის და „ღვაწლმოსილება“ არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბილეთია“, — წერს ლუკა კილასონია.

















