სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:
57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე
2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე)
4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (თანამესაკუთრე)
1557 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში.
ამასთანავე, მოსამართლემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში მიუთითა.
TI-ის ცნობით, მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის, ციცინო ნუცუბიძის უძრავი ქონებები:
640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, რათა შეისწავლონ მოსამართლის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.