სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

თბო და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე “სემეკი” დღეს იმსჯელებს. მარეგულირებელი სხდომაზე ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფებს დაადგენს.
როგორც “სემეკში” განმარტავენ, თბოელექტროსადგურების შემთხვევაში ლარის კურსი ტარიფზე გავლენას არ მოახდენს.
დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების – „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, „შაორჰესის“, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.
გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.
ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ენერგოტრანსისთვის“, სს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენაზე, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ – ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენაზე.
25 დეკემბერს კი, “სემეკში” 2017 წლის ბოლო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია იმსჯელებს სამომხმარებლო ტარიფებზე “თელასისა” და “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის.
„კომისია იმსჯელებს ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე. დადგინდება, როგორც თბოელექტროსადგურების, ასევე ჰიდროელექტროსადგურების წარმოების ტარიფები. თბოელექტროსადგურების წარმოების ტარიფის დადგენისას მნიშვნელოვანია, როგორც შესყიდული ბუნებრივი გაზის საფასური, ასევე ლარის კურსი. ასახული იქნება 2.50 ნიშნულზე, აღნიშნული კურსი იყო გათვალისწინებული წინა პერიოდშიც და შესაბამისად, ამ მიმართულებებით ცვლილებები არ იგეგმება,“ – განაცხადა “სემეკის” პრესსპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამაუწყებლის შესახებ კანონი – არასამთავრობო სექტორმა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს