ბრიტანელმა დეპუტატმა, სემ რაშვორთმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელების გამო საქართველოს ორ მსხვილ პროსამთავრობო მაუწყებელს სანქციები დაუწესა. მან სირცხვილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ეს მედიასაშუალებები დღეს ევროსაბჭოს დერეფნებში მუშაობენ.
რაშვორთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მთავარ ჩანაწერს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების პირობები აღარ არსებობს და მკაცრად დაგმო პოლიტიკოსების, მათ შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი არაპროპორციული სასჯელი. მისი თქმით, ანგარიში ძლიერია, თუმცა მასში მიხეილ სააკაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და პაატა მანჯგალაძის სახელებიც უნდა ფიგურირებდეს.
„საარჩევნო პოსტერზე „რუსული ოცნების“ დაწერისთვის წელიწად-ნახევრით პატიმრობა აშკარად არაპროპორციული სასჯელია. ეს აღწერს იმ სიტუაციის სიმძიმეს, რომლის წინაშეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დგანან“, — განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.
















