სებასტიან მოლინეუსი – მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, გაიკეთონ აცრა – ვაქცინები არის უსაფრთხო და აუცილებელი

სამხრეთ კავკასიაში „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, მათ მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას შეუწყობს ხელს.

სებასტიან მოლინეუსი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მათ თავიანთი როლი შეასრულონ და გაიკეთონ აცრა.

„მოხარული ვარ ვისაუბრო „მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პროექტი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს. პირველი, ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. მეორე, დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცების და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში. მესამე, ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის, და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა.

ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის „მსოფლიო ბანკის“ დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გვერდით დაუდგა მთავრობას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დაცვაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით და ასევე, პარალელურად დავეხმარეთ COVID-19-თან ბრძოლისათვის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში. ჩვენ ხელი შევუწყვეთ მილიონობით PCR ტესტის, ჟანგბადის აპარატის და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შეძენას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, ჩემი აზრით, წარამატებით განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ჩვენ ასევე ძალზე საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოვყავით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად.

დაბოლოს, ჩვენ უშუალო დახმარება გავუწიეთ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სოციალური დაცვის და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით.

დასასრულს მსურს, მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ თავისი როლი შეასრულონ და გაიკეთონ აცრა. დიახ, ვიცი, რომ არსებობს წუხილები, ვიცი, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი რაც წამიკითხავს და შემისწავლია მიუთითებს, რომ ვაქცინები არის უსაფრთხო, უვნებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, აღადგინოს ეკონომიკა და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს სიღარიბის დაძლევაში“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით „ნაცმოძრაობა“ პატივს სცემს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს