სებასტიან კურცი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის განცხადებით, საქართველო სწორ გზაზე დგას და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება.

ამის შესახებ სებასტიან კურცმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ საქართველოსთან მიმართებაში გადაიდგა. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“, – სებასტიან კურცმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სებასტიან კურცს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, სებასტიან კურცის ძალისხმევა ეუთო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოს საკითხის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად განსაზღვრისთვის.

„უაღრესად ვაფასებთ, ავსტრიის მთავრობის მტკიცე, თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისს გუშინ, გვიან საღამოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, სებასტიან კურცი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

მინისტრი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და შავშვებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების ცდუნება რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით გაიზარდა” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიადაპირისპირება მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის – ”ბავშვთა სამყაროს” რამდენიმე მოვაჭრე დაკავებულია