საქართველოს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.
რაც შეეხება „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აცხადებს ბანკი.














