15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

Scholars at Risk: 2026 წელს საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი შემცირდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ Scholars at Risk ყოველწლიური ანგარიში — Free to Think 2026 გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში აკადემიური თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესდა.

ძირითადი მიგნებები და ციფრები:

ინდექსის ვარდნა: 2025 წელს საქართველოს აკადემიური თავისუფლების ინდექსი 0.72 ქულას შეადგენდა („ძირითადად თავისუფალი“), ხოლო 2026 წელს მაჩვენებელი 0.58-მდე შემცირდა და შეფასდა, როგორც „ზომიერად შეზღუდული“.

მიზეზები: ანგარიშში ინდექსის კლება უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ინიციატივასა და უმაღლესი განათლების სისტემის ცენტრალიზაციას.

საკანონმდებლო ცვლილებები და რისკები:

დაფინანსების მოდელი (2025 წლის დეკემბერი): გაუქმდა გრანტებზე დაფუძნებული სისტემა და ჩანაცვლდა „სახელმწიფო შეკვეთის“ მოდელით, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფასურის სრულ დაფინანსებას გულისხმობს.

მართვის ცენტრალიზაცია (2026 წლის თებერვალი): მთავრობას მიენიჭა უფლება, ზედამხედველობა გაუწიოს რეორგანიზაციას, შეაჩეროს არსებული მმართველი ორგანოების უფლებამოსილება და დანიშნოს რექტორობის დროებითი მოვალეობის შემსრულებლები.

„უნივერსიტეტის სტრუქტურასა და სასწავლო გეგმებზე მთავრობის კონტროლის ცენტრალიზებით, კანონმდებლობამ შეამცირა ცალკეული დაწესებულებების ავტონომია და უზრუნველყო პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი“, — ნათქვამია ანგარიშში.

Scholars at Risk ანგარიშებს 2015 წლიდან აქვეყნებს. 2026 წლის დოკუმენტში მსოფლიოს 59 ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა გაანალიზებული, ხოლო საქართველო მოხვდა იმ 20-ზე მეტ ქვეყანას შორის (აშშ, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, სერბეთი და ა.შ.), სადაც აკადემიური თავისუფლების კუთხით შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ორ მცირეწლოვან ბავშვს ეძებენ
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით — ქვეყანა აკრძალეს!