„ყველა შეხვედრაზე, პანელსა თუ დისკუსიაზე, სცენაზე ერთი ცარიელი სკამი იდგა…“ — ცნობილმა ესპანელმა მწერალმა, კრიტიკოსმა და თბილისის ფესტივალის საპატიო სტუმარმა, ნიკოლას მელინმა, თბილისში მიღებული ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებები უმნიშვნელოვანეს ესპანურ ლიტერატურულ პლატფორმაზე — Zenda Libros-ში გამოაქვეყნა. ინფორმაციას Festival Iberoamericano de Literatura de Tbilisi ავრცელებს.
“სტატიაში, რომლის სათაურიცაა „პოეტი აქ არ არის / El poeta no está“, ავტორი დიდი ემოციითა და სოლიდარობით უყვება ესპანურენოვან სამყაროს ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის შესახებ. ნიკოლას მელინი აღწერს, თუ როგორ იქცა ფესტივალის სივრცეში დატოვებული ცარიელი სკამი თავისუფლებისთვის ბრძოლის, პოეტური სიმამაცისა და დაუდუმებელი ხმის სიმბოლოდ.
ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის იბეროამერიკულმა ლიტერატურულმა ფესტივალმა შეძლო ყველაზე მთავარი — გამხდარიყო პლატფორმა, სადაც კულტურული დიალოგი ქვეყნის სათქმელის, თავისუფლების იდეისა და სოლიდარობის გარშემო ერთიანდება. როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ხმაზე ასეთი მასშტაბის ავტორები წერენ, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

















