საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება მან პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“გუშინ მე მოვაწერე ხელი ბრძანებას და კონკურსი გამოცხადდა ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე. კანონის შესაბამისად, მეურვეობის კანდიდატობის მსურველებმა განაცხადებები უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტში”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თითოეულ პოზიციაზე სამი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. “საკონკურსო კომისიამ უნდა განიხილოს კანდიდატების შემოტანილი დოკუმენტები, შემდგომ უნდა ჩაატაროს გასაუბრება და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ცხრაკაციანმა კომისიამ უნდა შემოგვთავაზოს სამი კანდიდატი. ოთხი ვაკანსიიდან ერთი ეკუთვნის საპარლამენტო უმრავლესობას, ერთი სახალხო დამცველს, ხოლო ორი უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების არა ნაკლებ ერთ მეოთხედს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არა ნაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში მივიდა-პაპავა გადადგომას არ აპირებს
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებ